რაზე უნდა ველაპარაკო ვიღაც კვერცხების მსროლელ რეგვენს? მაინცდამაინც გენეტიკაზე რომ შეუტევ სალომე ზურაბიშვილს, ნიკო ნიკოლაძე მაინც არ გაუგიათ? ასეთი უვიცები როგორ არიან? შეიძლება ყაველაშვილზე უვიცი იყო? მასაც ეცოდინება ნიკო ნიკოლაძე, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს „ქართული ოცნების“ წევრები არიან საცირკო წარმოდგენაში მყოფი ზებრები, რომლებიც ერთმანეთს ულოცავენ, აჯილდოებენ, აქებენ.
„პირველ რიგში, მივესალმები მზია ამაღლობელის გადაწყვეტილებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ძალიან მიხარია, იმიტომ, რომ შიმშილობის შემდეგი ნებისმიერი წუთი იყო მისი სიცოცხლისთვის უდიდესი რისკის შემქმნელი. ჩვენ ყოველდღიურად ვთხოვდით მას, რომ შეეწყვიტა შიმშილი და ვთხოვდით ხელისუფლებას, რომ გაეთავისუფლებინა ის. ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლებას არავითარი მორალური მოტივები არ გააჩნია. ესენი არიან კანიბალები, რომლებიც ადამიანის სიცოცხლეს გაწირავენ. არაფერი ღირებული, გარდა ბატონი ბიძინას კეთილდღეობისა, მათთვის არ არსებობს. მზია ამაღლობელმა, ამ კვირების განმავლობაში საკუთარი მაგალითით, დასაჯა რეჟიმი და აჩვენა, რომ ერთ ქალს შეუძლია შიშველი ხელებით იყოს ბევრად უკეთესი, ბევრად უფრო ძლიერი, გამართული და პატრიოტული, ვიდრე მთელ ამ კრიმინალურ ხროვას „ქართული ოცნება“ რომ ჰქვია. მზია ამაღლობელმა გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ კრიმინალურ, ნაცრისფერ რეჟიმზე, რომლის მიზანია ისეთი ვითარების შექმნა, რომელშიც ადამიანები არც კი ფიქრობენ, რომ შეუძლიათ ჰქონდეთ განსხვავებული აზრი. ეს ხელისუფლება არის ძალიან სუსტი და დგას რამდენიმე ასეულ რობოკოპსა და რამდენიმე ათას ტროლზე. ეს ხელისუფლება არის ჩამოშლის პირას, ისინი ყველა თავისი ქმედებით დენთის კასრზე სხედან. „ქართულ ოცნებას“ გამოსავალი არ ექნება, მათ მოუწევთ დანიშნონ ახალი არჩევნები. იმიტომ, რომ ის კრიზისი, რომელშიც მათ ქვეყანა გადაჰყავთ, ეს ეხება ყველას, მათ შორის #41-ის ყველაზე გულანთებულ მომხრეებს.
დღეს ესენი არიან საცირკო წარმოდგენაში მყოფი ზებრები, რომლებიც ერთმანეთს ულოცავენ, აჯილდოებენ, ერთმანეთს აქებენ, ერთმანეთის სუფრებზე დადიან. მთავარია, რომ პარლამენტთან არ გაიარონ, ხალხს არ დაენახონ. ამ საცოდავ შოუში არიან.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი გახარიასთვის კვერცხების სროლას, იმ ფონზე, როცა ქვეყანას ვერ მართავს ე.წ. სახელისუფლებო გუნდი, როდესაც არცერთ ეროვნულ მიზანსა და ამოცანაზე, არცერთ გამოწვევასა და პრობლემაზე არ გააჩნიათ პასუხი, ცდილობენ, რომ ადამიანები გაართონ სანახაობით. სალომე ზურაბიშვილის გენეტიკაზე რომ დაიწყებ საუბარს, ერთი გვერდი არ წაგიკითხავს? მაინცდამაინც გენეტიკაზე რომ შეუტევ სალომე ზურაბიშვილს და ეტყვი, მოღალატეები ხართო, როცა მისი ამდენი თაობა იბრძოდა ამ ქვეყნისთვის, ნიკო ნიკოლაძე მაინც არ გაუგიათ? ასეთი უვიცები როგორ არიან? შეიძლება ყაველაშვილზე უვიცი იყო? მასაც ეცოდინება ნიკო ნიკოლაძე. რაზე უნდა ველაპარაკო ვიღაც კვერცხების მსროლელ რეგვენს?!“ – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
მისივე თქმით, კანონმდებლობაში ყველა ის მუხლი, რომელზეც საუბრობენ დღეს, ისევ მათ წინააღმდეგ იქნება.
„რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ „ქართულ ოცნებას“ ბრიუსელში აღარ ეპატიჟებიან, ეს არის ძალიან კარგი დასტური იმის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ანტიქართული, ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი ფენომენი, რომელმაც დაგვაკარგვინა ყველა შესაძლო შანსი ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტში, როდესაც ეს შანსები გაიხსნა. რომელმაც ყველაზე ცუდ დროს გამოიწვია საქართველოს დაშორება ევროპული კავშირიდან. სწორედ მაშინ, როცა პირველად გაიხსნა ეს შანსი და საუბარი დაიწყო მის გაფართოებაზე. „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლება, რომელმაც თავისუფალი სკამი დატოვა ცივილიზებული თანამეგობრობის წიაღში, სადაც სულ უფრო მეტად გველოდნენ ბოლო წლების განმავლობაში. სულ ვამბობდით, რომ დადგება მომენტი და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, დადგა მომენტი და ჩვენ გვყავდა ლენჩები ხელისუფლებაში“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
