კობახიძეს ვთავაზობ, ჩირგვებიდან თავი ამოყოს, ერთად გავაკეთოთ IQ ტესტი, – ამის შესახებ „ლელოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსგავსი შემოთავაზებისთვის მზად არ არის, რადგან მან „რუსეთის მსახური თუთიყუშის რეალური ინტელექტუალური შესაძლებლობები კარგად იცის“.
„სანამ სხვის IQ-ზე ისაუბრებს, ჩვენი დროის პავლიკ მოროზოვს, რუსების პრემიერ კობახიძეს ვთავაზობ ჩირგვებიდან თავი ამოყოს, ერთად გავაკეთოთ IQ ტესტი და შემდეგ დავსხდეთ მისთვის სასურველ ნებისმიერ დებატში. მზად არის? არა, რადგან მან კარგად იცის რუსეთის მსახური თუთიყუშის რეალური ინტელექტუალური შესაძლებლობებიც და შანსებიც“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა რომ მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩევლის 73,8 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარსა, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩევლის – მხოლოდ 45,6 პროცენტი.
„ჩავატარეთ კვლევა, რესპონდენტების ინტელექტი, ანუ IQ შევამოწმეთ და ისინი მაღალი, საშუალო და დაბალი ინტელექტის კატეგორიებად დავყავით. კვლევით დადგინდა, რომ „ქართულ ოცნებას“ მარტში ამომრჩევლის 61,3 პროცენტი უჭერდა მხარს. ამასთან, მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში ჩვენი მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში – მხოლოდ 45,6 პროცენტი. ზოგადად, სახელმწიფოსთვის ყველაზე საშიში საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანების დომინირებაა, რასაც დანინგ-კრუგერის თეორიაც ადასტურებს. ამ თეორიის თანახმად, საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანს ახასიათებს თავდაჯერებულობის ყველაზე მაღალი ხარისხი. ადამიანს, რომელსაც კანონი არ წაუკითხავს, მაგრამ ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორისგან და ოკეანის გაღმიდან მოისმინა, რომ ეს კანონი რუსულია, ყველაზე მყარად სწამს, რომ მის მიერ წაუკითხავი კანონი ცუდია. გულწრფელობას რაც შეეხება, მას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როდესაც ის ცოდნითა და ინტელექტით არის გამყარებული. ცოდნისა და ინტელექტის არმქონე და თავდაჯერებული ადამიანი რუსულ ტანკზე უარესია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.