გრიგოლ გეგელია – კაცი, რომლის პირობებშიც თვალსაჩინოდ დაიწყო ქართული საგარეო პოლიტიკის რღვევა და სპობა, მივლენილია მნიშვნელოვან ევროპულ დედაქალაქში, რაც მკაფიო სიგნალია, რომ ანტიევროპულობა წარმოადგენს რეჟიმის უპირობო და ურყევ კურსს

კაცი, რომლის პირობებშიც თვალსაჩინოდ დაიწყო ქართული საგარეო პოლიტიკის რღვევა და სპობა, მივლენილია მნიშვნელოვან ევროპულ დედაქალაქში , – ასე გამოეხმაურა “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ილია დარჩიაშვილის დიდ ბრიტანეთში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად დანიშვნას.

გეგელიას შეფასებით, ბრიტანეთში ილია დარჩიაშვილის ელჩად დანიშვნა “ქართული ოცნების” საერთაშორისო პოზიციების კიდევ უფრო მეტად დასუსტებაა.

“ილია დარჩიაშვილის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად დანიშვნა არის ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ კაცი, რომლის პირობებშიც ყველაზე თვალსაჩინოდ დაიწყო ქართული საგარეო პოლიტიკის რღვევა და სპობა, მივლენილია ერთ-ერთ ყველაზე მთავარ და პოლიტიკურად მნიშვნელოვან ევროპულ დედაქალაქში, რომელთანაც “ქართულ ოცნებას” ვითომდა ურთიერთობების გადატვირთვა სურს.

დარჩიაშვილის იქ მივლენა არის მკაფიო სიგნალი იმისა, რომ ის ანტიევროპულობა, რასაც დარჩიაშვილი განასახიერებდა, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, არის შენარჩუნებული, წარმოადგენს ამ რეჟიმის უპირობო და ურყევ კურსს და რომ ლონდონშიც ეს კურსი იქნება სწორედ წარგზავნილი საქართველოს დეფაქტო რეჟიმის სახელით.

ეს არის “ქართული ოცნების” საერთაშორისო პოზიციების კიდევ ერთი დასუსტება და კიდევ ერთი აღიარება, რომ რასაც დარჩიაშვილი განასახიერებდა, რაც ბოჭორიშვილმა განაგრძო და ჩააცემენტა, ეს კურსი არის რეალურად “ქართული ოცნების” ანტიევროპული და ანტიეროვნული საგარეო პოლიტიკური კურსი”, – განაცხადა გეგელიამ.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა -ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან განხორციელებული ზარიც შეაფასა და აღნიშნა, რომ “ქართულ ოცნებას” ამ სატელეფონო საუბრის ურთიერთობების გადატვირთვად წარმოჩენა სურს.

“რა თქმა უნდა, “ქართული ოცნება” ცდილობს, საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო საუბარი წარმოადგენს ურთიერთობების გადატვირთვას, ხოლო სინამდვილე არის ის, რაც ჩვენ ვიცით, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პოსტიდან, სადაც არანაირ გადატვირთვაზე არ ყოფილა საუბარი. ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტისა და საელჩოს არაერთი წინა განცხადებიდან, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები მკაფიოდ ამბობს, რომ თუ “ქართულ ოცნებას” სურს ურთიერთობების ნორმალიზება, მაშინ რეჟიმმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას კონკრეტული მიმართულებებით, წინააღმდეგ შემთხვევაში არანაირი გადატვირთვა და ნორმალიზება არ მოხდება, ასე რომ, “ქოცური” ბოდიალის მაგიერ, მე ამ რეჟიმს ვურჩევდი, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები იმ მიმართულებებით, რომელიც მათ ძალიან კარგად იციან -ის მხრიდან და გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ მოხდეს ვითარების დეესკალაცია”, – აღნიშნა გეგელიამ.