გრიგოლ გეგელია თვითმმართველობის არჩევნებზე – არ ვიცი, რა კონტექსტი იქნება, როდესაც მოგვიწევს საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღება, ვიცი, რომ მე და ჩემი პარტია შეგნებულად ვიბრძვით, რათა მიღწეულ იქნას ახალი საპარლამენტო არჩევნები

როგორც კი ეს (რუსეთ-უკრაინის) ომი დასრულდება, “ქართული ოცნებისგან” არ დარჩება არაფერი იმიტომ, რომ არაფერი სხვა, გარდა ომის პროპაგანდისა, “ქართულ ოცნებას” არაფერი გააჩნია, – ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.
გეგელიას თქმით, “ქართული ოცნება პროპაგანდით“ საკუთარ ამომრჩეველს დრამატულ საკვებად ტოქსიკურ შხამს აძლევს, რათა საკუთარი გაჭირვება დაავიწყოს და სხვაზე გადაიტანოს აგრესია.
“ქართულ ოცნებას” არ აქვს პასუხი ეკონომიკაზე. ჩვენი მოსახლეობის 44% ამბობს, რომ საკვებს ვერ ყიდულობს, 55% ამბობს, რომ წამალს ვერ ყიდულობს, ვისთვის იზრდება ეკონომიკა?- ეკონომიკა, შეიძლება, რამდენიმე ადამიანისთვის იზრდება, მაგრამ ხალხისთვის, რიგითი მოქალაქისთვის ეკონომიკური ზრდა არაფერს ნიშნავს მის ყოფით ცხოვრებაში, საჭმელს ვერ ყიდულობს, წამალს ვერ ყიდულობს, ეშინია შვილის ყოლის, ეშინია მომავლის – ნახევარი საქართველო ცხოვრობს დღეს ამ მდგომარეობაში. 700 000-ზე მეტი ადამიანი არის ტოტალური სოციალური დაუცველობის მდგომარეობაში. 300 000 მარტო ბოლო პერიოდში არის წასული ქვეყნიდან, ჯამში მილიონზე მეტი – ეს არის ეკონომიკის რეალური საზომი.
გასულ წელს რომ 300 000-ით გამდიდრდა, ვინმეს რამე მოემატა ამით? წლების განმავლობაში ხელფასები რჩება იგივე, ფასები იზრდება. “ქართულ ოცნებას” არაფერზე არ აქვს პასუხი, არცერთ იმ პრობლემაზე, რომელიც დღეს დგას. “ქართული ოცნება” “აბოლებს” ადამიანებს, ტოქსიკურ შხამს აძლევს დრამატულ საკვებად, რათა არ გაახსენოს, დილით რომ გაიღვიძა და საღამო რომ მოვიდა, ისევ რომ შია, ისევ რომ უპერსპექტივოა, ისევ რომ უბედურია, ისევ რომ არ მუშაობს”, – აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.
გეგელია ასევე შეეხო თვითმმართველობის ს საკითხსაც და აღნიშნა, რომ ოქტომბერში გასამართ არჩევნებზე საუბარი ახლა ნაადრევია, თუმცა, მისივე თქმით, “ლელო – ძლიერი საქართველო” ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნისთვის და აქციების პერიოდში დაკავებულთა გათავისუფლებისთვის მუშაობს.
“ჩვენ საერთოდ არ შევდივართ ამ თემის განხილვაში. ფუნდამენტურად მცდარი იყო და არის ამ საკითხის წამოწევა იანვარში ან თებერვალში მაშინ, როდესაც ოქტომბერში არის არჩევნები. მე მგონია, რომ სამწუხაროდ, ამან ხელი შეუწყო ივანიშვილის პროპაგანდას, თუმცა, ზოგმა კოლეგამ ასე არ ჩათვალა ოპოზიციაში, ეს მათი გადასაწყვეტია, მათი დღის წესრიგია, მე ეს მგონია შეცდომა და ვამბობ ღიად, რომ იანვარში ამ თემის წამოწევა იყო მცდარი მაშინ, როდესაც მთელი ქვეყნის გამაერთიანებელი ლოზუნგი იყო და არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და იმ 52 ადამიანის გამოშვება, რომელიც აბსოლუტურად ტყუილად იმყოფება დღეს ტყვეობაში.
მე არ ვიცი, რა კონტექსტი იქნება, როდესაც მოგვიწევს საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღება, მე ვიცი ის, რომ მე და ჩემი პარტია ძალიან შეგნებულად ვიბრძვით იმისათვის, რომ მიღწეული იქნას ახალი საპარლამენტო არჩევნები. ვიცი, რომ ვმუშაობთ ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც იმისთვის, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, იმისთვის, რომ ეს უდანაშაულო ადამიანები გამოვიდნენ ციხიდან”, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.