„ხარება“ იყო რიგითი პაიკი ივანიშვილის კარზე. ისიც აიღეს და გადააგდეს. დღეს საქართველოში ინსტიტუტები არ არსებობს, თითოეული მათგანი არის ივანიშვილის „ცხოველების ფერმის“ პაიკი. არ აქვს მნიშვნელობა „ხარება“ ერქმევა თუ „ავქსენტი“, ვინც მართავს ფაშისტური რეჟიმის გდდ-ს, – ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ზვიად ხარაზიშვილის მიერ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ხარაზიშვილი ყველა ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს აუცილებლად აგებს და დადგება დრო, როდესაც მას თავისუფალი ქართული სასამართლოს წინაშე მოუწევს წარსდგომა.
„ხარება“ არის კრიმინალი, ის აგებს პასუხს იმ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ის ვერსად წავა შორს მართლმსაჯულებისგან. მალე დადგება დღე, როდესაც მას მოუწევს თავისუფალი ქართული სასამართლოს წინაშე აგოს პასუხი. ის აუცილებლად წავა ციხეში ბავშვების ცემისთვის, ადამიანებზე ძალადობისთვის და იმ უამრავი საშინელებისთვის, რომელიც ჩადენილი აქვს ორი რეჟიმის დროს. „ხარება“ იყო რიგითი პაიკი ივანიშვილის კარზე. ისიც აიღეს და გადაგდეს. დღეს საქართველოში ინსტიტუტები არ არსებობა, თითოეული მათგანი არის ივანიშვილის „ცხოველების ფერმის“ პაიკი. ტენდენცია არის ისეთი, რომ თანამდებობიდან უშვებენ ან ნაკლებად მნიშვნელოვან პოზიციებზე გადაჰყვათ ყველა სანქცირებული პირი. არ აქვს მნიშვნელობა „ხარება“ ერქმევა თუ „ავქსენტი“ მას, ვინც მართავს ფაშისტური რეჟიმის გდდ-ს,“ – განაცხადა მან.
გეგელიას თქმით, „ქართული ოცნება“ კრიზისში იმყოფება, მას აქვს „ლეგიტიმაციის შიმშილი“.
„ამ რეჟიმს აქვს ლეგიტიმაციის ძალიან დიდი შიმშილი. ისინი არ არიან მყარად. შეხედეთ იმ 10 წამს, როდესაც ემანუელ მაკრონმა ირაკლი კობახიძეს მხარზე ხელი წამოარტყა. ასეთი ბედნიერი გინახავთ ოდესმე კობახიძე, გარდა იმ მომენტებისა, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ეპირფერება? წარმოიდგინეთ, რა დონეზე სჭირდება მას, რომ ვინმემ მხარზე ხელი წამოარტყას. ესეც კი ძალიან სჭირდება. მას ხელს არავინ ართმევს,“ – განაცხადა მან.
ამასთან, გრიგოლ გეგელიამ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ხშირად აანონსებს იმას, თუ რის გაკეთებას აპირებს, შესაბამისად, ოპოზიციამ მის განცხადებებს უნდა მოუსმინოს და მომზადებული იყოს.
„ისინი შეეცდებიან არჩევნები ისეთ პერიოდში ჩანიშნონ, როდესაც ოპოზიცია იქნება უკიდურესად დასუსტებული. ამასთან, მათ ღიად თქვეს, რომ ოპოზიციის აკრძალვა უნდათ. მათ უნდათ, რომ ჩვენ ვიყოთ არარელევანტური, დაშლილი და გაღატაკებული. ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ამბობს, რის გაკეთებას აპირებს. 2024 წლის აპრილში დააანონსა, რომ პარტიებს აკრძალავდა. ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ წინასწარ გათვლა, რადგან ვიცით მათი მიზანი. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ამ რეჟიმმა გაანადგუროს პოლიტიკური პროცესი,“ – განაცხადა მან.
რაც შეეხება პარტია “ლელო-ძლიერი საქართველოს“ მიერ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებულ შეკითხვას, გეგელია აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე პარტიის შიგნით მუდმივი დისკუსიაა და აუცილებელია შეიქმნას ოპოზიციური პარტიების ერთიანი ფრონტი და მათ არჩევნებში მონაწილეობა ერთობლივად უნდა მიიღონ.
„ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ვიმსჯელოთ, ხომ არ გავიდეთ არჩევნებზე ერთიანი ფრონტით. ძალიან ხშირად ეს ინფორმაცია სწორად ვერ მიდის აუდიტორიამდე. ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება შანსი, დიდი უპირატესობა მოვიპოვოთ.
არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეიძლება ჰქონდეს ბევრი მინუსი. ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე სცენარებს შორის არჩევანი. ჩვენ ნარიშკინს, რუსულ საგარეო დაზვერვას ვებრძვით. რეალობაა, რომ რუსეთის დაზვერვა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და იციან, რას აკეთებენ. ეს არ არის მარტივი არჩევანი, ყველა ვარიანტში რთული იქნება. ქვეყანას მარტივი გზით ვერ დავიხსნით.
არავინ ჩათვალოს, რომ არჩევნებზე გასვლასთან დაკავშირებით პარტიაში ერთიანი პოზიცია გვაქვს. მუდმივად არის დისკუსიები ამ საკითხზე. ჩვენ ცოცხალი ადამიანები ვართ და ვმსჯელობთ. ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილის პოზიცია პოლიტპატიმრების თემასთან დაკავშირებით არ არის სწორი. პოლიტპატიმრების თემის აქ შემოტანა ამ კუთხით [არჩევნებთან დაკავშირება], მე არასწორი მგონია.
ჩვენi პირველი მოთხოვნაა ახალი საპარლამენტო არჩევნები. მეორე მოთხოვნაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს არის მოცემულობა და დარჩება იქამდე, სანამ ორივე მათგანი არ დაკმაყოფილდება. ჩვენი პოზიციაა, რომ უნდა შეიქმნას ერთიანი ფრონტი. ამის გარეშე რთული იქნება შედეგის მიღწევა. ჩვენ გვინდა დავინახოთ საკმარისი ძალები ერთად. ჩვენი პარტიიდან 14 პირი საქართველოს პარლამენტის წევრები ვიყავით და დავთმეთ მანდატი და ყველა პრივილეგია. არავის ეგონოს, რომ საკრებულოს წევრობა გვინდა. არა, ჩვენ ამ ქვეყნის გამარჯვება გვინდა,“ – განაცხადა მან.
