კობახიძე არის კლოუნადის მასტერკლოუნი, 300 000 კაცი აქციაზე ისევ გავალთ, არ არის პრობლემა, – ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „აქციებზე ყოველ დღე 300-350 კაცი იკრიბება“.
გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ბევრჯერ ჰქონდათ იმედი, რომ ხალხი სახლში წავიდოდა, მაგრამ 112 დღეა პროტესტი გრძელდება.
„აქციაზე ხალხი თავისი ნებით დადის, ხოლო თვითონ, პატივცემული კობახიძე ხახვით და 20 ლარით ნაყიდი აქტივებით დარბის. რამდენიმე ათასი ადამიანი ჩაერთო გაყალბების სქემაში, გაყიდეს სამშობლო პირდაპირი მნიშვნელობით და მათგან განსხვავებით აქ [აქციაზე] ხალხს ხელფასს არავინ არ უხდის, კარტოფილით და ხახვით არ ამარაგებს, ეს ხალხი საკუთარ წილ სამშობლოს იცავს. ამას კობახიძე ვერ გაიგებს, კობახიძე ხომ მონაა. რას აკეთებდა სააკაშვილის დროს, ვინმეს ამის შესახებ რამე გაუგია? მაშინაც ჩირგვებში იყო მიმალული. გინახავთ, რომ კობახიძე ან მდინარაძე მაშინ რეჟიმს ებრძოდა და რამეს ამბობდა. გვახსოვს, რომ მდინარაძე პროკურატურაში მუშაობდა, ოდიშარია და სხვები ფულს ურიცხავდნენ სააკაშვილის რეჟიმს. ამ ხალხს თავისუფლების არაფერი არ ესმის, ისინი ყოველთვის იყვნენ საკუთარი კომფორტის გატარების სივრცეში და მაღალ თანამდებობებზე. მაგალითად, თურნავა, ყველა ხელისუფლების დროს მაღალ თანამდებობაზე იყო. ამ ქალს ერთი პრინციპი აქვს, იყოს მაღალ თანამდებობაზე და აკეთოს ფული, ჰქონდეს გავლენა. ეს ხალხი რამეს გვასწავლის თავისუფლებაზე? ადამიანებს ყველაფერი გადადებული გვაქვს იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში რამე გამოვიდეს და ადამიანებს წასვლა არ უწევდეთ.
ეს კაცი [კობახიძე] გამოდის და 300-400 კაციო ლაპარაკობს. ვითომ პრემიერ-მინისტრი რომ გქვია, ჩემთვის ის პრემიერ-მინისტრი არ არის, მაგრამ საქმე არ აქვს ამ კაცს? ეკონომიკა რა დღეშია, სოციალური პოლიტიკა რა დღეშია, 245 000 ადამიანი რომ გავა რამდენიმე წელში ქვეყნიდან, იმის დრო აქვს, რომ თვალოს რამდენი თავია? მე ვეუბნები მას, რომ ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ 300 000 ვიყავით. მათ იმედი ჰქონდათ, რომ აცივდებოდა და ეს ხალხი სახლში წავიდოდა, მაგრამ შეცდნენ, არავინ არ წასულა სახლში. ახლა საერთოდ ფანტასტიკური ამინდები მოდის და ეს დაეხმარება ადამიანებს, მეტი შეძლებს მოსვლას“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
