გრიგოლ გეგელია – არ მგონია, რომ აუცილებლად უცხო ქვეყნის მოქალაქეებია საჭირო, რათა სასამართლო კარგად დაკომპლექტდეს – პრობლემაა იმაში, რომ კოლექტიური ფარცხალაძე ბლოკავს მართლმსაჯულების რეფორმას

არ მგონია, რომ აუცილებლად არის საჭირო უცხო ქვეყნის მოქალაქეები იმისათვის, რომ სასამართლო კარგად დაკომპლექტდეს – საქართველოს პრობლემა აქვს იმაში, რომ კოლექტიური ფარცხალაძე ბლოკავს მართლმსაჯულების რეფორმას, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებულ „ვეტინგის“ სისტემაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, პრობლემას ვერ ხედავს იმაში, თუ გარკვეულ მომენტში უცხოელი მეგობრები მართლმსაჯულების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფაში იყვნენ ჩართულნი.
„მართლმსაჯულების სისტემას ფუნდამენტური რეფორმა სჭირდება. არ მგონია, რომ აუცილებლად არის საჭირო უცხო ქვეყნის მოქალაქეები, იმისათვის, რომ სასამართლო კარგად დაკომპლექტდეს.
საკადრო კუთხით მივიჩნევ, რომ ძალიან სოლიდური რესურსი გაგვაჩნია ქვეყნის შიგნით იმისათვის, რომ ადეკვატური სასამართლო გაგვაჩნდეს. საერთოდ, არ მგონია რომ ყოველთვის გარეთ უნდა ვეძებოთ გამოსავალი. ეს არის ერთი შესაძლო გზა. საქართველოს პრობლემა აქვს იმაში, რომ კოლექტიური ფარცხალაძე ბლოკავს მართლმსაჯულების რეფორმას. შეკრულია კრემლთან, ღარიბაშვილ-ივანიშვილ-სთან. იმ კატეგორიებთან, რომლებიც გამოცხადებული არიან ს დაზვერვის აგენტებად, ეს ხალხი ბლოკავს ქვეყანაში მართლმსაჯულების რეფორმასაც, „კლანისგან“ გაწმენდასა და ქვეყნის წინ წასვლას ევროპული კავშირისკენ და ნატო-სკენ.
რაც შეეხება „ვეტინგის“ პროცესს, მე ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, თუ გარკვეულ მომენტში უცხოელი მეგობრები გვირჩევდნენ და პროცესი ხარისხის უზრუნველყოფაში იყვნენ ჩართულნი, ეს სხვა რამეა და სულ სხვა რამეა, როდესაც ამერიკელი და იაპონელი მოსამართლე დანიშნო“, – განაცხადა გეგელიამ.
ამასთან, გეგელიამ ანტიკორუფციულ ბიუროზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანტიკორუფციულ ბიუროზე საპარლამენტო ზედამხედველობა უნდა გაძლიერდეს და ამასთან, მას საგამოძიებო ფუნქცია უნდა მიენიჭოს.
„თუ ჩვენ რეალურად გვინდა შევქმნათ ანტიკორუფციული მექანიზმი და ინსტიტუტი, პირველ რიგში, უნდა გავაძლიეროთ საპარლამენტო ზედამხედველობა მასზე და ამასთან, მას საგამოძიებო ფუნქცია უნდა მივანიჭოთ. რეალური ბერკეტები უნდა მივცეთ, რომ კორუმპირებულ ადამიანს ეშინოდეს ასეთი დამოუკიდებელი ინსტიტუტის. ასეთი ტიპის ინსტიტუტის ყველას უნდა ეშინოდეს პრემიერ-მინისტრსაც, საგარეო მინისტრსაც, ეკონომიკის მინისტრსაც“, – განაცხადა გეგელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ