„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ძალიან კარგად იციან, რომ არც არაბულ სახელმწიფოებს, არც ჩინეთს და არც სხვებს, არ გააჩნიათ საქართველოსადმი იმ მასშტაბის და კალიბრის ინტერესი, რაც მათ აქ გლობალურ მოთამაშეებად აქცევდა. ქართველ ხალხს ვერ შესთავაზებ აშშ-სა და ევროპული კავშირის, შესაბამისად, ნატო-ს საპირწონეს, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ, ბიძინა ივანიშვილთან მის შეხვედრას.
როგორც გეგელიამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილისა და საამიროების პრეზიდენტის შეხვედრა არის ძალიან კარგი ილუსტრაცია, იმ ფონზე, როცა ის არ შეხვდა აშშ-ის ელჩს საქართველოში.
ამასთან, მისივე თქმით, ეს შეხვედრა ასევე, ძალიან კარგი დასტურია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ე.წ. დივერსიფიცირებას, პოლიტიკური დასავლეთის ნაცვლად ალტერნატიული პარტნიორების გამონახვას, თუმცა ამასაც ვერ ახერხებს.
„ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი ილუსტრაცია იმის, რომ კაცი, რომელიც არ ხვდება აშშ-ის ელჩს, მაშინაც კი როცა იცის, რომ ელჩმა მას უნდა გადასცეს ამერიკის უმაღლესი პოლიტიკური წარმომადგენლების, მათ შორის, სახელმწიფო მდივნის მიერ მისთვის გამოგზავნილი წერილი, ხვდება არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერს. ეს არის ძალიან კარგი დასტური იმის, რომ ერთი მხრივ ივანიშვილი ცდილობს, ე.წ. დივერსიფიცირებას, ანუ პოლიტიკური დასავლეთის ნაცვლად, ალტერნატიული პარტნიორების გამონახვას და მეორე მხრივ, ის ამასაც ძირითადად ვერ ახერხებს. ქართველ ხალხს გაცხადებული აქვს, რომ მას სურს ევროატლანტიკური სისტემის წევრობა, 80%-ზე მეტს მიაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა და სწორადაც, სხვა გზა არ არსებობს. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სხვა გზა არ არსებობს. ბიძინას ეკონომიკური უსაფრთხოების გზები არსებობს, მაგრამ ჩვენ ხომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება გვაინტერესებს და არა ბიძინას ავლადიდება?! არც ის, ბიძინა რომელი ქვეყნის მიმართულებით გაიქცევა საკუთარი თვითმფრინავით, როდესაც მოუწევს ქვეყნის დატოვება, როდესაც კობახიძეს, მდინარაძესა და სხვებს, უბრალოდ შეატოვებს აქაურობას და პირდაპირ ჭორვილადან გაფრინდება რომელიღაც ქვეყანაში. მინდა ყველას ესმოდეს, რომ ახლა ივანიშვილი გადასულია აზროვნების ამ ფაზაში. ერთი მხრივ აკონსოლიდირებს სისტემას და სურს, რომ „მოუჭიროს“, კიდევ უფრო მყარად და მკაფიოდ მის ხელში იყოს პერსონალიზებული და მეორე მხრივ აწყობს გეგმებს. არავითარი ეკონომიკური ფიქრი მას არ გააჩნია. არავითარი ალტერნატივების ძიება არ მიდის. მათ ძალიან კარგად იციან, არც არაბულ სახელმწიფოებს, არც ჩინეთს და არც სხვებს, არ გააჩნიათ საქართველოსადმი იმ მასშტაბის და კალიბრის ინტერესი, რაც მათ აქ გლობალურ მოთამაშეებად აქცევდა.
ძალიან მარტივად – ისეთი ტიპის აქტორებს, როგორიც არის საამიროები ან ჩინეთი, საქართველოსადმი არ ექნება იმ მასშტაბის ინტერესი, რა მასშტაბის ინტერესიც ღირებულებებისა და მეგობრობის, დემოკრატიული პარტნიორობის გამო აქვს იგივე ევროპული კავშირის სახელმწიფოებს, აშშ-სა და სხვა ცივილიზებულ, დემოკრატიულ საზოგადოებას. მე ყოველთვის ვამბობ და ახლაც უნდა გავიმეორო – ქართველ ხალხს ვერ შესთავაზებ აშშ-სა და ევროპული კავშირის, შესაბამისად, ნატო-ს საპირწონეს. მე რომ ვიყო დღეს მთავრობის წარმომადგენელი, მეც ვივაჭრებდი, რა თქმა უნდა, გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთთან მეტს, ყველა მხარესთან მეტს, გარდა რუსეთისა. ყველასთან ვივაჭრებდი, იმიტომ, რომ ის, რაც ჩემი ერის გამდიდრებას უწყობს ხელს, ის, რაც კაპიტალის შემოდინებას უწყობს ხელს, ჩემთვის არის მნიშვნელოვანი. ამიტომ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ნაწილიც იქნებოდა ეკონომიკური პრაგმატიზმი და დივერსიფიცირება, მაგრამ ივანიშვილი ამას არ აკეთებს. ის გვაკარგვინებს იმ პარტნიორებსა და მეგობრებს, რომლის გარეშეც არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური და არც გეოპოლიტიკური ცხოვრება და განვითარება არ არსებობს და ვერ იარსებებს, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ნაწილი არის ოკუპირებული. ჩვენი ღირებულებითი პარტნიორი, ამ ერისა და ამ სახელმწიფოს სუვერენულობის დამცველი ვინ არის? – ევროპული კავშირი, აშშ და ნატო. საპირწონე შეიძლება იყოს ისეთი მხარე, რომელიც ან ღირებულებითად, ან ეკონომიკურად, ან გეოპოლიტიკურად არის თანაზომადი. არის რომელიმე აშშ-სა და ევროპული კავშირის თანაზომადი ჩვენთვის? იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორია? რომ „აბოლებენ“ საზოგადოების ნაწილს მშვიდობააო, ეს არის მშვიდობა? მშვიდობა-ში ვართ? კობახიძე ნამყოფი არ არის ე.წ. საოკუპაციო ხაზთან, თავად აქვს ნათქვამი, არც კი რცხვენია, რომ ნაყოფი არ არის. ამ ქვეყნის პრემიერი ჰქვია“, – განაცხადა გეგელიამ.
გარდა ამისა, ნიუ-იორკში მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტსა და გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მიხეილ ყაველაშვილი რუსული პროექტია და განსხეულება იმ ტოტალური პოლიტიკური დეგენერაციისა, რაც ქვეყანამ განიცადა“.
„მე ერთადერთი წუხილი მაქვს – გაეროს ნაცვლად სხვა შენობაში არ შევიდეს და კიდევ უარესად არ მოგვჭრას თავი. რა უნდა დაინახონ ყაველაშვილისგან, რომელიც ვერც ქართულად ამბობს ვერაფერს?! ამბობენ ვერ საუბრობს ინგლისურადო – ეს საერთოდ არ მგონია პრობლემა. შევარდნაძეც ვერ საუბრობდა ინგლისურად, მაგრამ ძალიან დიდი გეოპოლიტიკური გონი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ არცერთი დღე არ ვყოფილვარ მისი გულშემატკივარი და ფანი, დატოვა რელსები, რომელზეც სწორად სიარული შეიძლებოდა და მერე განვითარება. „ქოცები“ პირველი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ყველაფერი სხვა, რაც წინა ხელისუფლებებმა შექმნეს, გადახაზე, ყველა აგური ჩამოანგრიეს და ჩამოაქციეს. ყველა ხელისუფალმა რაღაც დატოვა საგარეო პოლიტიკური კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები. მათ აბსოლუტურად იავარქმნეს და ფეხქვეშ გათელეს ყველა ის მიღწევა, რაც ჩვენ ისტორიულად გვქონდა სხვადასხვა ხელისუფლების დროს, რომლიდანაც არცერთის გულშემატკივარი არ ვყოფილვარ. ყაველაშვილი არის განსხეულება ამ ტოტალური პოლიტიკური დეგენერაციისა, რაც ჩვენ განვიცადეთ. ეს არის რუსული პროექტი. კაცი, რომელიც არაფერს არ წარმოადგენს, დიპლომიც არ აქვს. კაცი, რომელმაც რუსული პროექტი შეიტანა, ოფიციალურად პრორუსული ფრაქციის ლიდერი იყო“, – განაცხადა გეგელიამ.
