გრაცში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

ავსტრიის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, გრაცის სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც დღეს დილით მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თავდამსხმელი გრაცის მცხოვრები 21 წლის ავსტრიელი მამაკაცია. ის ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა, თუმცა სასწავლებელი არ დაუმთავრებია.
მან სკოლის საპირფარეშოში თავი მოიკლა. პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი ორი ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული და ორივეს კანონიერად ფლობდა.
ავსტრიულმა გაზეთმა „კრონენ-ცაიტუნგმა“ განაცხადა, რომ პოლიციამ თავდამსხმელის სახლის ჩხრეკისას გამოსამშვიდობებელი წერილი აღმოაჩინა. გაზეთში არ არის მითითებული, თუ რა ეწერა წერილში.
„გრაცის სკოლაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ეროვნული ტრაგედიაა, რომელმაც ღრმად შეძრა მთელი ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა კრისტიან შტოკერმა და მას უწოდა „ბნელი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“.
„სიტყვები არ მყოფნის იმ ტკივილისა და მწუხარების გამოსახატავად, რომელსაც ახლა ყველანი, მთელი ავსტრია განვიცდით“.
ავსტრიაში სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა.
ფორუმი