“ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მთავრობის თანხმობის გარეშე არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას და ა.შ. უცხოური გრანტის მიღებას უკრძალავს.
საკომიტეტო მოსმენაზე კანონპროექტი ირაკლი კირცხალიამ წარმოადგინა, რომელმაც თქვა, რომ ცვლილება მოახდენს პრევენციას, რომ ე.წ. ჰუმანურად შენიღბული გრანტით გარე ძალებმა ვერ შეძლონ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების დაფინანსება, მოლოტოვის კოქტეილის სროლის რომანტიზების კამპანიები, ძალადობრივი აქციები თუ სხვა დესტრუქციული ქმედებები.
არჩილ გორდულაძე გამოვიდა ინიციატივით, ნებართვა დასჭირდეს და ანტიკორუფციული სამსახურის კონტროლქვეშ მოექცეს გრანტის მიზნის ცვლილებაც. მისი თქმით, შესაძლებელია, რომ დონორმა გასცეს თანხა ერთი კონკრეტული მიზნით, რასაც შესაბამისი თანხმობა ექნება, მაგრამ მიმღებმა თანხა სხვა მიზნით დახარჯოს, რაც „არაერთი ყოფილა პრაქტიკაში“.
„იმისთვის, რომ ასეთი შეფარული, თვალთმაქცური გარიგებებიც გამოვრიცხოთ, გთავაზობთ, რომ შეცვლილი მიზნით თუ მოხდება გრანტის დახარჯვა, ამაზეც მთავრობის თანხმობა იყოს საჭირო თანხმობის გარეშე გრანტის გაცემად ჩაითვალოს უკვე თანხმობაგაცემული მიზნის შეცვლა და ის პროცედურები ჩაირთოს, რაზეც კონტროლს განახორციელებს ანტიკორუფციული ბიურო“, — განაცხადა გორდულაძემ.
მან ასევე შესთავაზა მთავრობის სავალდებულო თანხმობის საჭიროებაზე გამონაკლისებიდან საერთაშორისო ორგანიზაციების ამოღება, თქვა რა რომ, პრაქტიკაში საერთაშორისო ორგანიზაციები ისედაც მთავრობასთან ათანხმებენ საკითხებს.
„ქართულ ოცნებას“ „გრანტების შესახებ“ კანონში რეპრესიული ცვლილებები დაჩქარებული წესით შეაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონი მიღებული და ამოქმედებული სავარაუდოდ მიმდინარე კვირაშივე იქნება .




