გრანტის მართვის სააგენტოს უფროსს თვეში 10 585 ლარი დაუნიშნეს, მოადგილეს – 8 760

„ქართული ოცნების“ მთავრობამ დაამტკიცა „გრანტის მართვის სააგენტოს“ ბიუჯეტი და საშტატო ნუსხა და თავმჯდომარეს, თამარ ზოდელავას ყოველთვიურ ხელფასად 10 585 ლარი დაუნიშნა.
სააგენტო არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიზნით შეიმქნა – მათთვის, ვინც „აგენტების კანონის“ ამოქმედების შემდეგ „აგენტების რეესტრში“ გაიარა ან გაივლის რეგისტრაციას.
გადაწყვეტილებას სააგენტოს შექმნის შესახებ მთავრობის სახელით ხელი 15 აპრილს მოაწერა ირაკლი მ.
კობახიძის ბრძანებითვე, სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარედ დაინიშნა თამარ ზოდელავა.
· ზოდელავა 2003 წლიდან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) გუნდში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე;
· იყო ევროსაბჭოს პროექტის მრჩეველი და აღმოსავლეთ პარტნიორობის საჯარო მმართველობის რეფორმის რეგიონული ფონდის პროექტის მენეჯერი.
კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით, რომელიც 2025 წლის 13 მაისით თარიღდება, ზოდელავას – სააგენტოს თავმჯდომარის – ხელფასი 10 585 ლარით განისაზღვრა.
თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი 8760 ლარი იქნება, ხოლო დეპარტამენტის უფროსისა – 7 300 ლარი.
საქართველოში, საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის მონაცემებით, საშუალო ხელფასი 2060 ლარამდეა.
2025 წლის ბიუჯეტი, – რომელიც 8 თვეს მოიცავს, – არის 510 200 ლარი.
აქედან თითქმის ნახევარი – 253 200 ლარი – არის შრომის ანაზღაურება.
მეორე ნახევარი 257 000 ლარი განკუთვნილია „საქონლისა და მომსახურებისთვის“ – სხვა დეტალები განკარგულებაში დაზუსტებული არ არის.
2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს, როგორც სააგენტოს შექმნასა და მუშაობაზე, ასევე თავად გრანტებზე.
ამ 20 მილიონს განკარგავენ „მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად“.
სააგენტოში დასაქმდება 10-მდე ადამიანი.
„გრანტის მართვის სააგენტოს“ შექმნის პარალელურად, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მიიღო არაერთი შემზღუდავი კანონი, რითაც ფუნქციონირების შეჩერების რისკის წინაშე
აყენებს კრიტიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მისგან დამოუკიდებელ მედიას.
ამასთან, საერთაშორისო დონორები ვეღარ გასცემენ გრანტს საქართველოში, თუკი „ქართული ოცნების“ მთავრობის თანხმობა არ ექნებათ.
„გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს სამოქალაქო საზოგადოებაში უწოდეს „ქართველი ხალხის დევნის აქტი“.
ფორუმი