„გრანტების შესახებ“ კანონში გრანტის ცნების ჩანაწერი ზუსტდება – გრანტად იქნება მიჩნეული ტექნიკური თუ საექსპერტო დახმარება, ცოდნის გაზიარება და სხვა მსგავსი კონტრიბუცია

„გრანტების შესახებ“ კანონში გრანტის ცნების ჩანაწერი კიდევ მეტად ზუსტდება – გრანტად იქნება მიჩნეული ტექნიკური თუ საექსპერტო დახმარება, ცოდნის გაზიარება და სხვა მსგავსი კონტრიბუცია.
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა ისაუბრა. მის მიერ წარდგენილი ცვლილებები “გრანტების შესახებ“ იმ კანონპროექტის ნაწილი იქნება, რომლის თანახმად, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, “ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამა “ერაზმუს+ (Erasmus+) ფარგლებში განხორციელებული გრანტები მთავრობის მხრიდან თანხმობის გაცემის ვალდებულებას აღარ დაექვემდებარება.
თორნიკე ჭეიშვილის ინფორმაციით, ცვლილებები გრანტის ფარგლებში გაცემული სახსრების გამოყენების სფეროებთან დაკავშირებით იქნება და ის ჰუმანიტარულ სფეროს, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს უკავშირდება. მისივე თქმით, ასევე კანონით დაზუსტდება გრანტის გამცემი სუბიექტების ნუსხა და მკაფიოდ მიეთითება, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული ნებისმიერი ფინანსური სახსრები შეიძლება გრანტად იქნას მიჩნეულნი.
“გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი პირველი მოსმენით იხილავს.
ამასთან, “ქართულმა ოცნებამ“ უკვე მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, გრანტის გაცემისთვის აუცილებელია მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა. თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალულია. უნებართვო გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგი ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალა.