ოცნების ინიციატივით, გრანტების კანონში კიდევ ერთი ცვლილება შედის. წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, გრანტად არ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
“საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობა, ისევე როგორც დიპლომატიური წარმომადგენლობა/ საკონსულო დაწესებულება, თავისი არსით, ემსახურება შესაბამისი სუბიექტის (საერთაშორისო ორგანიზაცია, წარმგზავნი სახელმწიფო) ინტერესების დაცვასა და გატარებას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში.
მათ საქმიანობაში წარმგზავნი სუბიექტის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესები, მიდგომები ან ურთიერთობები, ხშირ შემთხვევაში, მთავარ ადგილს იკავებს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია გრანტების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 14 პუნქტში დაზუსტდეს გრანტის გამცემი სუბიექტი და გრანტად არ იქნეს მიჩნეული საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს და უკავშირდება უშუალოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის საკუთარ საქმიანობას.
კანონის მოქმედი რედაქცია აღნიშნულ ურთიერთობაზე არც ვრცელდება, მაგრამ იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს კანონის ერთგვაროვანი წაკითხვა, მიზანშეწონილია შესაბამისი დაზუსტება”. – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
რეჟიმმა გრანტების რუსული კანონი და კანონი ოცნების “არაღიარებაზე” მიიღო
რეჟიმმა გრანტების რუსული კანონი 4 მარტს მიიღო. ივანიშვილის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს III მოსმენით მხარი ივანიშვილის 78-მა დეპუტატმა დაუჭირა.
1-ელი მოსმენის შემდეგ, რეჟიმმა კანონპროექტში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსში ემატება მუხლი – ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ.