პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ რამდენიმე გადაცემის დახურვას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს და აღნიშნავს, რომ მას ფინანსურ ფაქტორთან კავშირი არ აქვს. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.
“ამ გადაწყვეტილების მიზანი, რა თქმა უნდა, არ არის ფინანსური, ეს არის პოლიტიკური, ვინაიდან, წინასაარჩევნოდ არ უნდათ, ისეთი გადაცემები იყოს ეკრანზე, სადაც შესაძლებელია, რაღაც ფორმით, ხელისუფლების პოლიტიკასთან არ იყოს თანმხვედრი.
მე არ ვარ საზმაუს მაყურებელი, არ ვიცი, ეს გადაცემები კარგია თუ ცუდი, მე ვენდობი ამ ადამიანების შეხედულებასა და გემოვნებას. მაგალითად, პეტიცია მომზადდა, რომ გორგილაძის გადაცემა არ უნდა დაიხუროს, სამწუხაროდ, არ მინახავს, რადგან როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგოს ვხედავ, უნდობლობა მიჩნდება”, – განაცხადა გოცირიძემ.
15 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პოპულარული გადაცემა გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღარ გავა. როგორც წამყვანი დათო გორგილაძე ამბობს, მიზეზად ფინანსური რესტრუქტურიზაცია დაუსახელეს.
დათო გორგილაძეს არაერთხელ დაუფიქსირებია პირადი აზრი სხვადასხვა საკითხზე. ის ხელისუფლების მიერ დაინიცირებულ ე.წ. აგენტების კანონპროექტს აქტიურად აკრიტიკებდა.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გუშინ, 16 დეკემბერს გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და თქვა, “რომელიმე გადაცემის ირგვლივ საკითხის პოლიტიზება” მიუღებელია. მათ ეს გადაწყვეტილება “გაზრდილი კაპიტალური ხარჯებით” ახსნეს, რაც არხის განცხადებით,”სხვადასხვა ფორმით შეეხება ყველა პროექტს, ასევე ორგანიზაციის თითოეულ თანამშრომელს.
***
საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. არსებული კანონით, დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ის ოდენობით ხდება. მაგალითად, 2021 წელს დაფინანსება 69,6 მლნ ლარს შეადგენდა.
ახალი კანონის თანახმად, რომელსაც პარლამენტმა მესამე მოსმენით 15 დეკემბერს დაუჭირა მხარი, დაფინანსების წესი იცვლება. საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ახალი ფორმულის გათვალისწინებით, 2026 წლიდან მაუწყებლის დაფინანსება სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასაქმებულ პირთა მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვლება.
კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფინანსდება წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის, 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს დამტკიცებული ბიუჯეტის მთლიანი ასიგნების ოდენობისა. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის დაფინანსების ოდენობის შემცირება მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობით იქნება შესაძლებელი.