გოტა ჭანტურია: გუშინდელი საკმაოდ კარგი აქციის შემდეგ, პროპაგანდას, როგორც ჩანს, ამაზე საუბარი აწყობს და საზოგადოების ნაწილიც, სამწუხაროდ, დიდი მონდომებითაა აყოლილი

“გუშინდელი საკმაოდ კარგი აქციის შემდეგ, პროპაგანდას, როგორც ჩანს, ამაზე საუბარი აწყობს და საზოგადოების ნაწილიც, სამწუხაროდ, დიდი მონდომებითაა აყოლილი. ადრე თუ გვიან რაღაც მსგავსს ველოდებოდი, მაგრამ მაინც ძალიან სამწუხაროა – 160 დღეა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროპაგანდას ვაპროტესტებთ და ამ არხის პროპაგანდისტული სიუჟეტით აგორებულ საკითხზე პასუხის გაცემა მიწევს.
რაც მთავარია, რეჟიმისთვის ხელსაყრელი და წინააღმდეგობისთვის დამაზიანებელია გუშინდელი მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ ამის განხილვის თემად ქცევა. მიუხედავად ამისა, ამ პოსტით ყველას მინდა ვუპასუხო, მომხრეს, მოწინააღმდეგეს, მლანძღველს, გულშემატკივარს, ნეიტრალურად განწყობილს და იმ ადამიანებს, ვინც ეს კამპანია აწია და წინააღმდეგობის მხარეს წარმოაჩენს თავს.
პირველ რიგში, ხალხნო და აქ იმათ მივმართავ, ვინც მიცნობს ან იცის ვინც ვარ – თუ რამე გაინტერესებდათ, მოგეწერათ, გეკითხათ, გეთქვათ, გაგერკვიათ, აღშფოთება გამოგეხატათ, მაგრამ ამ პროპაგანდაში რატომ იღებთ მონაწილეობას? აქვე, დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს გააკეთა! ძალიან ვაფასებ!
მეორე, ვინც არ იცით, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ არიან სხვადასხვა შეხედულებების, მათ შორის პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანები და რაღაცნაირად ვახერხებთ თანაარსებობას. როგორ? ძალიან მარტივად – ვითვალისწინებთ ერთმანეთს. ამას ქვემოთ განვავცრცობ.
მესამე, სანამ რაიმე დასკვნებს გამოიტანთ, მითუმეტეს მედიის ცოდნასა და ჟურნალისტიკაზე ვისაც აქვს პრეტენზია, დაუსვით თქვენ თავს მარტივი კითხვა – რომელი ტელევიზიის სიუჟეტით ხელმძღვანელობთ? სანამ თქვენ უპასუხებდეთ, მე გეტყვით – საზოგადოებრივი მაუწყებლის.
ასევე, ხომ არ გახსოვთ, 30 ნოემბრიდან, ყოველდღე, ვისი ტელევიზიის წინ ვდგავართ და შევქმენით საპროტესტო კერა, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა რეჟიმს? აქაც პასუხია – საზოგადობრივი მაუწყებელი.
ხოდა, ხო არ გიფიქრიათ იმაზე რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი სამიზნე ჩვენი წინააღმდეგობის კერაა, პირადად მე, ჩემი მეგობრები და რაც მთავარია, გუშინდელი აქციის გადაფარვაა? ხო არ გიფიქრიათ იმაზე, რომ ესეც პროპაგანდის ნაწილია?
სხვათაშორის, გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს გადავეყარე, რომელიც განსაკუთრებული მონდომებით იღებდა კადრებს და ვუთხარი, გასაგებია რისთვისაც ხარ მოსული თქო. ისე აგიხდეს ყველაფერი! სიუჟეტში, რომელიც იმედი მაქვს ბოლომდე (და არა ფრაგმენტულად, ზოგიერთებივით) ნახეთ, ალბათ მოუსმენდით, არსად არის ნახსენები სტუდენტები, თავად საზმაუსთან მიმდინარე პროტესტი. მხოლოდ პოლიტიკოსების გარკვეული ჯგუფი და NGO-ები.
ნებისმიერ ვარიანტში, სპეკულაციებისაგან თავი რომ ავირიდოთ, მოდით ფაქტობრივად გავყვეთ რა მოხდა გუშინ:
საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე პროტესტი, აქციის ორგანიზატორთა თხოვნით, როგორც ყოველთვის, შევუერთდით დიდ აქციას. გვქონდა მათთან კოორდინაცია, პრინციპებზე შეთანხმება და ვიცოდით რომ ამ აქციაზე წამყვანი ძალა იქნებოდნენ სტუდენტები. თემატიკა – ბუნებრივია, ევროპასთან ურთიერთობის მნიშვნელოვნება საქართველოსთვის!
როგორც დათქმული იყო, შევიკრიბეთ 5 საათზე და დავიძარით 7 საათზე. გზაში პოლიცია ძალიან გვავიწროვებდა და ალბათ ნახავდით, დაპირისპირებაც მოგვივიდა. სპეციალურად არ მოვნიშნავ, მაგრამ აქაც მადლობა იმ ადამიანს, ვინც გადამეფარა პოლიციასთან დაპირისპირებისას.
ამის შემდეგ, როცა ერთ-ერთი გადაკვეთის წერტილში, გალაკტიონის ხიდთან მივედით, ვნახეთ რომ ელბაქიძიდან ჩამომავალი ხალხი, მათი უმრავლესობის აზრის საწინააღმდეგოდ, მიშა, მიშას ყვიროდა, იყვნენ ბანერებით და ა.შ.
ზოგადად, ამ ჯგუფის ქცევა და მათ მიერ ეთიკური სტანდარტების უგულებელყოფა დამანაზიანებელია წინააღმდეგობისათვის. ეს გამოჩნდა 31 მარტსაც. თუმცა, ამას თავი დავანებოთ, სხვა დროს იყოს.
რადგან ჩვენ უფრო წინ ვიდექით, წყნარად და მშვიდად ვუთხარით, რომ წინ წავიდოდით და ისევ ცალ-ცალკე მარშებად დაგვეცვა ჩვენ შორის გარკვეული დისტანცია.
დავიძარით. ცოტა ხანში ვხედავთ ეს მცირე ჯგუფი ისევ წინ გადაგვიხტა და უკვე ჩვენ მარშს მიუძღვება მიშას ბანერებით. ევროპის დღეს! მიშას ბანერებით წინ! სხვათაშორის, უნდა ითქვას, ჩვენ არც საზმაუს ბანერი გვეჭირა, არც რაიმე „მემარცხენედ“ რომ ითვლება ისეთი. რაც ორგანიზატორებმა მოგვცეს, მხოლოდ იმ ატრიბუტიკით შემოვიფარგლეთ. ესეც საერთო, სახალხო პროტესტის გათვალისწინებით და მათდამი პატივისცემის ნიშნად.
ასევე სასხვათაშორისოდ, სახალხო აქციებზე, მათ შორის ჩვენს მარშზეც, იყვნენ მიშას დროს დაზარალებულები, მის დროს პოლიტპატიმრები, მის დროს დაჩაგრული, ნაწამები ხალხი, ვისაც ის ტრამვები არც არასდროს მოუშუშდება.
მათ მიმართ ამგვარი ქცევა და მიშას ბანერების ცხვირში ფრიალი უპატივცემულობა, არაეთიკური და ამორალური საქციელია. მათი მოთხოვნაც იყო, რომ ამ ხალხისგან გამოვცალკევებულიყავით.
არ ვიცი, ვიღაცისთვის 10 წლის შემდეგ შესაძლოა ირაკლი ან ირაკლი დგებუაძე მისაღები გახდეს და რომელიმე პოლიტპატიმრის ოჯახის წევრს ან ამ პერიოდში დაზარალებულს უფრიალონ თვალწინ, მაგრამ ჩემთვის და ბევრი სხვა ადამიანისთვის, ეს მისაღები არ გახდება.
მოკლედ, რადგან წინ ჩვენ ვიდექით რუპორით, დანარჩენი ლოკაციებიდან ხალხი გველოდებოდა და გზა უნდა გაგვეგრძელებინა. თხოვნა, რომ ჩვენ წინ არ დამდგარიყვნენ მიშას ბანერებით და არ გაეფარათ საერთო სულისკვეთება არ გაითვალისწინეს.
სიტუაცია დაიძაბა. თუ ვინმეს ჰგონია ეს ხალხი ტკბილად გველარაკებოდა, არ გვლანძღავდა ან აგრესიულები არ იყვნენ, ძალიან ცდებით. ალბათ მათი მხრიდან ჩვენდამი გინებაც არ ისმის სიუჟეტში, ხო? ხო, ალბათ არ ისმის. ალბათ არც მათი მხრიდან აგრესიაც არ ჩანს. ხო, ალბათ არ ჩანს. მოკლედ, კიდევ ვუთხარით, რომ ამ ბანერით წინ არ ვივლიდით და ცალკე წასულიყვნენ და ჩვენ ცალკე წავიდოდით.
დიახ, ვეთანხმები და ვწუხვარ, ნამდვილად ცუდი სცენა იყო და შეიძლებოდა უფრო უკეთესად მოგვეგვარებინა. ამ პასუხისმგებლობას ვხედავ. თუმცა, სწორედ იმის გათვალისწინებით, რა მიზნებითაც ეს კადრები გავრცელდა, არ ჩანს ის ფაქტი, რომ თავად ეს ჯგუფი საკმაოდ აგრესიული იყო და ამ ვიდეოს წინ უამრავი საუბარი უძღოდა. რაც მთავარია, ამ დაძაბულობის შემდეგ, ჩვენი მეგობრები ამ ადამიანებს, მათ შორის იმ კაცს, ვიდეოში ვინც ჩანს, ესაუბრებოდნენ და ცდილობდნენ, მისთვის აეხსნათ თუ რატომ გვქონდა ამ ბანერთან წინააღმდეგობა. თუმცა, საზოგადოებრივ მაუწყებლს ამის ხსენება რაში გამოადგებოდა და როგორც ჩანს, არც ნანუკა ჟორჟოლიანს მიაჩნია ეს სათვალავში ჩასაგდებად.
საბოლოოდ, პირადად ჩემთვის, რაც ახლა ხდება უბრალოდ გულისამრევია. რითიც დავიწყე, იმას ვიტყვი – თან პროპაგანდად მიგაჩნდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი და თან მათ სიუჟეტებზე დაყრდნობით უპირისპირდებოდე “თანამებრძოლს,” კოგნიტური დისონანსია.
იმედი მაქვს, ბევრისთვის ეს პასუხი გასაგებია. ამავდროულად, ვისაც კონსტრუქციულად საუბარი სურს, მე ყოველთვის მზად ვარ. დღესაც ვიქნები საზმაუსთანაც, რუსთაველზეც. ყველას არ მოგნიშნავთ. ხოდა, მოდით და ვისაუბროთ. თუ მარტო პოსტებით გსურთ ის, რასაც აკეთებთ, გასაგებია თქვენი მიზანი რაც არის,” წერს სოციალურ ქსელში გოტა ჭანტურია, „განათლების პოლიტიკის ცენტრის“ დირექტორი.

ასევე დაგაინტერესებთ