გორში 31 დეკემბრის კონცერტისთვის 5 მომღერალს 38 189 ლარს გადაუხდიან | “მოზაიკა”

რეგიონული გამოცემა “მოზაიკა” ავრცელებს ინფორმაციას, რომ გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო 31 დეკემბრის საახალწლო გალა კონცერტისთვის ერთ ჯგუფს და 4 ინდივიდუალურ შემსრულებელს 38 189 ლარს გადაუხდის.

მედიის ცნობით, უწყებამ უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს თხოვნით, რომ კულტურის სააგენტომ შეძლოს ხელშეკრულების გაფორმება ტენდერის გარეშე.
31 დეკემბრის გალა კონცერტისთვის გორის კულტურის სააგენტომ შემდეგი შემსრულებლები შეარჩია: მუსიკალური ბენდი “არა,” იოსებ დარბაიძე, ემზარ იორამაშვილი, ვანო მურადელი და მაია ბიძინაშვილი.
“კვლევის შედეგად დადგინდა,რომ წარმოდგენილი შემსრულებლები დიდი პოპულარობით სარგებლობენ გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში და ექსკლუზიურობა დასტურდება მათ მიერ წარმოდგენილი ცნობების საფუძველზე”, – აღნიშნული არგუმენტით ითხოვს კულტურის სააგენტო შესყიდვას ტენდერის გარეშე.
სააგენტო უთითებს, რომ შესყიდვის ღირებულება განისაზღვრა მოლაპარაკებებისა და ურთიერთშეთანხმების გზით.