გორში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა

გორში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა.
საქართველოს პარლამენტის ცნობით, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გორში გამართა და მოსახლეობას
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები გააცნო.
“საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია ფაქტობრივად გადის ბოლოში, ჩვენ, 10 შეხვედრა გავმართეთ, სადაც საქართველოს 5 ათასამდე მოქალაქეს შევხვდით და განვიხილეთ კონსტიტუციური კანონის პროექტი. დეტალურად გვქონდა მსჯელობა ყველა საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, სხვა ინტერესის სფეროში მყოფი საკითხებიც განვიხილეთ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად. 5 ათასამდე მოქალაქეს შევხვდით და სრული მხარდაჭერაა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კონსტიტუციური კანონის პროექტის მიმართ. ჩვენს კომისიას დარჩა მუშაობის კიდევ რამდენიმე დღე და საბოლოო ჯამში, პარლამენტს მოვახსენებთ ჩვენი მოქალაქეების განწყობას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეების ეს ხმა გაიგოს ასევე ოპოზიციამ, რომლის ხმებიც საჭირო არის, რომ კონსტიტუციური კანონის პროექტი მიღებულ იქნას პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობით, ანუ 113 ხმით”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, აღნიშნავენ, რომ გორში გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართა და კონსტიტუციური კანონპროექტების შესახებ ისაუბრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გრეტა წიწავა, სუმბატ კიურეღიანი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს

გივი მიქანაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურადაა ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში, ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა განახორციელეს შემოწირულობა ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ