გორში, სავაჭრო ცენტრში სროლა იყო, მოკლეს 32 წლის კაცი

დღეს, 28 აპრილს, დილით გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ სროლა იყო. ადგილზე დაიღუპა 32 წლის კაცი, რომლის მამაც ჭრილობებით კლინიკაში გადაიყვანეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორ პირს, მამა-შვილს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.
„ინტერპრესნიუსი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, „გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ, ერთმანეთთან კონფლიქტი კი სარეალიზაციო პროდუქციაზე მოუვიდათ.
განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ 50 წლის პირი დააკავა. მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე, (დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის) მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით.