შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრალდებულებმა, გორში, “ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე”, 19 და 18 წლის პირებს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს დაზიანებები.
დაშავებული ახალგაზრდები კლინიკა “გორმედის” რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
“გორმედის” ქირურგი, მერაბ მაისურაძე აცხადებს, რომ პაციენტების მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
“ორივეს მდგომარეობა საკმაოდ სერიოზული და მძიმეა. მათ სასწრაფო წესით ჩაუტარდათ წინასაოპერაციო კვლევები და შემდეგ ოპერაცია. ამ ეტაპზე ორივეს მდგომარეობა მძიმეა, საყურადღებოა, იმყოფებიან რეანიმაციულ განყოფილებაში. ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა და დღეს ან ხვალ იგეგმება უკვე პალატაში გადაყვანა. ორივე მათგანს აქვს ისეთი ჭრილობები, რომლებიც მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ჭრილობებს”, – განმარტავს “გორმედის” ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი მერაბ მაისურაძე.
ორი ახალგაზრდა 23 თებერვალს, დღის საათებში, წმინდა წყლის დასახლებაში დაჭრეს. იქვე, დასახლებაში მცხოვრებმა პირებმა განაცხადეს, რომ ახალგაზრდების ჯგუფებს შორის ჯერ ჩხუბი მოხდა, მოგვიანებით კი გაიგეს, რომ ორი მათგანი მძიმედ იყო დაჭრილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
