სასტუმროების მმართველი კომპანია Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორის, ერეკლე კოკაიას თქმით, ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისა და დაბალი სეზონის მიუხედავად, სასტუმრო ამ თვეში 60%-მდეა დატვირთული. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა და დატვირთვის ზრდა ზაფხულში ივარაუდა.
მისი თქმით, ამ დროისათვის, ისევე როგორც სხვა „ინნ ჯგუფის“ სასტუმროებში, კორპორაციული ჯავშნებია შემცირებული, თუმცა აქტიურია ინდივიდუალური ჯავშნები.
„რთულია წლის პროგნოზის გაკეთება, რადგან “გორი ინნი” ძირითადად ქართველი მომხმარებლებისთვის არის მოთხოვნადი. აქაც კორპორაციული ჯავშნებია შემცირებული, ხოლო ინდივიდუალური ჯავშნები კვლავ გვაქვს. გორში ამ თვეში დაახლოებით 55-60%-ით ვართ დატვირთული. ვიმედოვნებთ, რომ ზაფხულში დატვირთვა გაიზრდება“, – ამბობს კოკაია.
გარდა ამისა, კოკაიას თქმით, “გორი ინნ“-ის სასტუმროს მიმდებარედ, სადღესასწაულო სივრცე „ცირკი“, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში ამოქმედდა, წელს რეორგანიზაციას გეგმავს.
საქმე ისაა, რომ როგორც ერეკლე კოკაია ამბობს, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, ყველაზე მეტად სარესტორნო სექტორს შეეხო. ამრიგად, თუ სიტუაცია არ შეიცვალა, რესურსების დაზოგვის მიზნით, სარესტორნო სივრცის სამუშაო საათების შემცირება იგეგმება. თუმცა, აღნიშნული შეზღუდვა კორპორაციული ჯავშნების შემთხვევაში არ იმოქმედებს.
„უახლოეს მომავალში რეორგანიზება იგეგმება და თუ ქვეყანაში სიტუაცია არ შეიცვალა, იმ შემთხვევაში, თუ კორპორაციული ჯავშანი არ იქნება, იგეგმება სამუშაო საათების შემცირება“, – აცხადებს Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი და დასძენს, რომ ამ ობიექტის განვითარება ამ ეტაპზე არ იგეგმება.
შეგახსენებთ, „გორი ინნ“ სასტუმროების მმართველი კომპანია Inn Group-ის ქსელს წარმოადგენს. სასტუმროს მშენებლობაში 20 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა და ჯამში 120 ნომერს აერთიანებს. რაც შეეხება “ცირკს”, ის 2023 წელს ამოქმედდა. სივრცე 600 კვ.მ.-ს მოიცავს და 500 ადამიანზეა გათვლილი.