გორის ციხესთან მოქალაქეებმა და ჟურნალისტებმა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ აქცია გამართეს

„აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ 21 აპრილს გორში სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები.
საპროტესტო აქცია გორის ციხესთან გაიმართა. ” არა რუსულ კანონს” – ეს იყო საპროტესტო აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების მთავარი გზავნილი.
აქციაზე, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ აძვიდან, შვილთან ერთად ჩავიდა მერი კორინთელი.
ის ამბობს, რომ ე.წ უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღება კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ბენეფიციარებსაც შეეხებათ, რომლებიც ვეღარ ისარგებლებენ იმ დახმარებით, რომლებსაც მათ საერთაშორისო ორგანიზაციები უწევენ.
მიმდინარე კვირაში, გორში მეორე საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება უკან არ გაიწვევს კანონპროექტს.
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში „აგენტების კანონის“ საპროტესტო აქციები ბოლო რამდენიმე დღეა იმართება. საქართველოს მოქალაქეები საპროტესტო აქციებს მართავენ ევროპისა და ამერიკის ქალაქებშიც.
რაც შეეხება დედაქალაქს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება. მრავალათასიან აქციაზე აპროტესტებენ „აგენტების კანონს“, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი, პოლიტიკოსები და მედია „რუსულ კანონს“, ხოლო „ქართული ოცნება“ „გამჭვირვალობის“ კანონს უწოდებს.
საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკისა და გაფრთხილებების მიუხედავად, 17 აპრილს, „აგენტების კანონი“, პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ პირველი მოსმენით დაამტკიცა – 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ.
18 აპრილიდან კი საკუთარი ინიციატივით, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს მართავენ ახალგაზრდები და მოითხოვენ „აგენტების კანონის“ უკან გაწვევას. ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული აქცია 21 აპრილსაც გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ