„გორის ფოტოგრაფთა კლუბმა“ კატალოგი “მხატვრის თვალით დანახული გორი” დაბეჭდა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით „გორის ფოტოგრაფთა კლუბმა“ კატალოგი “მხატვრის თვალით დანახული გორი” დაბეჭდა.
აღნიშნულ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, წიგნის პრეზენტაცია სერგი მაკალათიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კატალოგის შექმნის იდეა მუზეუმის მრჩეველ – კონსულტანტს, გორის საპატიო მოქალაქეს თინათინ სოსანიძეს ეკუთვნის.
ჩვენი ქალაქის ისტორია საუკუნეებს ითვლის. გორის ხედები სხვადასხვა ეპოქის არაერთი მხატვრის ტილოებზეა აღბეჭდილი. გორის ფოტოგრაფთა კლუბმა შეაგროვა 40-ზე მეტი მხატვრის 150-მდე ნამუშევარი, გააციფრულა და ერთ კატალოგში მოუყარა თავი.
“ეს წიგნი საუკეთესო საჩუქარია ჩვენი ქალაქისთვის. დღეიდან, ბევრად მეტ ადამიანს ექნება აქ წარმოდგენილი ნამუშევრების გაცნობის საშუალება, რაც იმას ნიშნავს ბევრად მეტი ადამიანი შეძლებს ჩვენი ქალაქის საუკუნოვანი კულტურის გაცნობას. გორის მერია ყოველთვის მხარს დაუჭერს და დააფინანსებს ასეთ მნიშვნელოვან პროექტებს”, – აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა.
პროექტი გორის მერიის კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.