გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ მარლენ ნადირაძე აირჩიეს.
საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით კი, პირველი მოადგილის თანამდებობა თამარ მურალოვამ დაიკავა.
რაც შეეხება მოადგილეებს, აღნიშნული პოსტები მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა – კობა ბერიანიძემ და ზურაბ ყაულაშვილმა დაიკავეს.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 13 წლის თავზე, მიმდინარე წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო ძალიან კარგი ტესტი, სადაც გამოიკვეთა, რომ მმართველ გუნდს მოსახლეობის უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს, მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველობებში, რაც ერთი მხრივ, სასიამოვნოა, მეორე მხრივ კი, უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს თითოეულ ჩვენგანს. მინდა, მივულოცო საქართველოს მასშტაბით ახალი მოწვევის საკრებულოებს პირველი სხდომები, უფლებამოსილებებში შესვლა და წარმატებები ვუსურვო.
გააზრებული გვაქვს ის გამოწვევები, რაც ჩვენი საზოგადოების წინაშეა დარჩენილი. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი შრომა დაგვჭირდება.
გორის საკრებულოს თითოეული წევრი ღირსეულია, შესაბამისად, პროფესიულ დონეზე მივიღებთ ყველა საჭირო გადაწყვეტილებას. საკრებულოს სამუშაო პროცესში აქტიურად ვითანამშრომლებთ მოსახლეობასთან. საკრებულოს სხდომები და მერიის მუშაობა გამჭვირვალე იქნება და ყველა გადაწყვეტილება, რასაც მივიღებთ, მოსახლეობის კეთილდღეობას მოემსახურება”, – აღნიშნა მარლენ ნადირაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო ერთმა წევრმა, ,,ძლიერი საქართველო – ლელოს” წარმომადგენელმა.
,,საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა არ მივიღე. მახსენდება კომუნისტური პარტია, ერთპარტიულობა. „ძლიერი საქართველო – ლელო” აპირებს ამ ერთპარტიულობაში ბრძოლის ფრონტის გახსნას. მით უმეტეს, თადარიგის მაიორი ვარ და ბრძოლის ხერხები კარგად ვიცი. ჩვენ ამომრჩეველთან მაქვს სიტყვა დადებული, მათი ინტერესები შესრულდეს, შესაბამისად, მაქსიმალურად ვეცდები, პროექტები, რომლებიც ჩვენ გვაქვს განსაზღვრული, საკრებულოს სხდომებზე განსახილველად დავაყენო”, – განაცხადა შარვაშიძემ.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო 40 წევრით დაკომპლექტდა, საიდანაც 38 წევრი მმართველი გუნდის წარმომადგენელია (13 პროპორციული სიით და 25 მაჟორიტარი), თითო წევრი ჰყავს ოპოზიციურ პარტიებს – „ძლიერი საქართველო-ლელო“ და „კონსერვატორები საქართველოსთვის“.

 
				 
								
 
								

