გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავთან მოქალაქეს მატარებელი დაეჯახა. ის ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილია 34 წლის კაცი. შემთხვევა 26 თებერვლის საღამოს მოხდა.
როგორც ხიდისთაველები ჰყვებიან, მათ დაინახეს სამი კაცი, რომელიც ლიანდაგებს შორის მოძრაობდა. მატარებლის გამოჩენისას ორმა რელსებიდან გადასვლა მოასწრო, ერთს კი თბილისი –ფოთის მატარებელი დაეჯახა. მათივე განმარტებით, რკინიგზაზე მოძრავი კაცები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ.
მატარებელი ადგილზე გაჩერდა. თავიდან, დახმარება მემანქანეებმა სცადეს. მოგვიანებით, ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადაც მივიდა, თუმცა 34 წლის კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.