გორელმა ბიზნესმენმა სოსო ბაბაევმა სამხარეო პოლიციასთან გააპროტესტა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

გორელმა ბიზნესმენმა და სამოქალაქო აქტივისტმა სოსო ბაბაევმა, რომელიც თავს ხელისუფლების მხრიდან დევნის ობიექტად მიიჩნევს, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციასთან საპროტესტო აქცია გამართა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტა. მისი თქმით, იმ შენობაში, სადაც 15 ივნისს მეგობრებთან ერთად მივიდა პროტესტის გამოსახატად, ის პოლიციელები სხედან, რომლებმაც მას იარაღი ჩაუდეს. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, დავით ახალბედაშვილმა კი თავისი გადაწყვეტილებით, იარაღის ჩადება დააკანონა.

“ამ შენობაში ზის მოძალადე მილიცია. ამ შენობაში ზის იარაღის ჩამდები მილიცია. ეს თავად სააპელაციო სასამართლომაც დაადასტურა, რომ არიან გამყალბებლები. თავიანთმა მონა-მორჩილმა ეს გააზიარა და დაადასტურა, რომ არიან “მაკაროვის” ჩამდებები, მაგრამ ავტომატის ჩამდებებად “გააპრავა”. მე არსად არ ვიმალები, მე ვაპირებ ბრძოლას. ასე ცხოვრება არის შეუძლებელი უბრალოდ, როდესაც დადიხარ, ყოველ დილით გამოდიხარ და იცი, რომ რაღაცას ელოდები. კრიმინალებისგან კი არ ელოდები, ელოდები პოლიციისგან, ანუ ესენი არიან ყველაზე მთავარი კრიმინალები, რომლებიც არიან სასწრაფოდ მოსაშორებლები”, – უთხრა პოლიციის სამმართველოსთან იოსებ ბაბაევმა რადიო თავისუფლებას.

14 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ბიზნესმენის და აქტივისტის, სოსო ბაბაევის საქმეზე. სასამართლომ ბაბაევის ავტომანქანის ჩხრეკა კანონიერად ცნო, პირადი ჩხრეკა კი – უკანონოდ.

სააპელაციო სასამართლოს პროკურატურამ ბაბაევის საქმეზე მას შემდეგ მიმართა, რაც 6 ივნისს, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ უკანონოდ ცნო ბაბაევის წინააღმდეგ მტკიცებულებების მოსაპოვებლად ჩატარებული ჩხრეკის ოპერაცია. 4 ივნისის ღამით, პოლიციის მიერ დაკავებული ბაბაევი 6 ივნისს სწორედ დარბაიძის განჩინების საფუძველზე გაათავისუფლეს.

სოსო ბაბაევი სააპელაციო სასამართლოს არ ეთანხმება. ის ამბობს, რომ დაკავებისას და განყოფილებაში გადაყვანისას პოლიციელები მას რამდენიმე საათის განმავლობაში სცემდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, ახსენებდნენ ანტირუსულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას, სოციალურ ქსელებში ხელისუფლებისა და სპეცრაზმის წინააღმდეგ გაკეთებულ კომენტარებს.

მოსამართლე დარბაიძის განჩინებით, უკანონოდ იქნა ცნობილი სოსო ბაბაევის წინააღმდეგ მოპოვებული მტკიცებულებები – ის იარაღები, რომლებიც, -ს ვერსიით, ბაბაევის და მისი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს და რომლებსაც ჩადებულს უწოდებს თავად აქტივისტი. პროკურატურას მისთვის ბრალის წარდგენის საშუალება არ მიეცა და ბაბაევი გაათავისუფლეს. ახლა კი ის ხელმეორედ დაკავებას და ბრალის წარდგენას ელოდება.

სოსო ბაბაევის ადვოკატი კახა კალმახელიძე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ნონსენსს უწოდებს და მიიჩნევს, რომ მოსამართლე ახალბედაშვილის განჩინებით, ბრალის წარდგენის საფუძველს ქმნიან.

„სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი. ავტომანქანის ჩხრეკა კანონიერად ცნო, პირადი ჩხრეკა კი – უკანონოდ. ანუ ერთი იარაღი, რომელიც პირადი ჩხრეკისას ამოუღეს, უკანონოდ იქნა ცნობილი და კანონიერად იქნა ცნობილი იმავე პოლიციელების მიერ იმავე დროს ჩატარებული ავტომანქანის ჩხრეკა. წარმოიდგინეთ, რამხელა ნონსენსია. რაც მნიშვნელოვანია, სასამართლომ პირადი ჩხრეკა არაკანონიერად იმიტომ ცნო, რომ ჩხრეკის ოქმი გაყალბებულია, მნიშვნელოვანი შინაარსია ჩამატებულიო. იმავე პოლიციელებმა რომ ავტომანქანა გაჩხრიკეს, ეს კანონიერი ყოფილა. ბრალის წარდგენის საფუძველი არსებობს. დანარჩენი გამოჩნდება“, – ამბობს სოსო ბაბაევის ინტერესების დამცველი.

იოსებ ბაბაევი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. მან პოლიციელების წინააღმდეგ უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. უწყების პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ბიზნესმენის საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ 6 ივნისს გამართულ პროცესზე დაუშვებლად ცნო შსს-ს მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ბაბაევს სახეზე ცემის კვალი ახლაც ეტყობა. გორში გამართულ პროცესზე ბიზნესმენმა ილაპარაკა მის მიმართ პოლიციელების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის შესახებ.

ბაბაევი ამბობს, რომ „მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტი და „კალაშნიკოვის“ ავტომატი ჩაუდეს და პოლიცია ამას მისი სამოქალაქო აქტივობის გამო აკეთებს, ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი აქტიურად მონაწილეობდა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ თბილისში გამართულ აქციებში. 6 ივნისის სხდომაზე მოსამართლე ლევან დარბაიძემ ჩამოთვალა დარღვევები, რომლებიც ბაბაევის დაკავებისას გამოვლინდა. მან დაუშვა, რომ ბიზნესმენს არაადამიანურად მოეპყრნენ. ლევან დარბაიძის შეფასებით, ეს ვარაუდი ვერ გაქარწყლდა ვერც წარმოდგენილი მასალებით და ვერც საგამოძიებო ოქმში ასახული გარემოებებით.

ასევე დაგაინტერესებთ