გორელი ბიზნესმენი ხელმეორედ დაკავების მოლოდინშია – სააპელაციომ ავტომანქანის ჩხრეკა კანონიერად ცნო

14 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ბიზნესმენის და აქტივისტის, სოსო ბაბაევის საქმეზე. სასამართლომ ბაბაევის ავტომანქანის ჩხრეკა კანონიერად ცნო, პირადი ჩხრეკა კი – უკანონოდ.
პროკურატურამ გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ლევან დარბაიძის 6 ივნისის განჩინება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა. 4 ივნისს, ღამით, პოლიციის მიერ დაკავებული ბაბაევი 6 ივნისს სწორედ დარბაიძის განჩინების საფუძველზე გაათავისუფლეს.
დღეს კი განჩინება მიიღო დავით ახალბედაშვილმა, რომელიც 2022 წლის ნოემბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე.
სოსო ბაბაევი სააპელაციო სასამართლოს არ ეთანხმება. ის ამბობს, რომ დაკავებისას და განყოფილებაში გადაყვანისას პოლიციელები მას რამდენიმე საათის განმავლობაში სცემდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, ახსენებდნენ ანტირუსულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას, სოციალურ ქსელებში ხელისუფლებისა და სპეცრაზმის წინააღმდეგ გაკეთებულ კომენტარებს.
მოსამართლე დარბაიძის განჩინებით, უკანონოდ იქნა ცნობილი სოსო ბაბაევის წინააღმდეგ მოპოვებული მტკიცებულებები – ის იარაღები, რომლებიც, -ს ვერსიით, ბაბაევის და მისი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს და რასაც ჩადებულს უწოდებს თავად აქტივისტი. პროკურატურას მისთვის ბრალის წარდგენის საშუალება არ მიეცა და ბაბაევი გაათავისუფლეს.
სოსო ბაბაევის ადვოკატი კახა კალმახელიძე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ნონსენსს უწოდებს და მიიჩნევს, რომ მოსამართლე ახალბედაშვილის განჩინებით, ბრალის წარდგენის საფუძველს ქმნიან.
„სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი. ავტომანქანის ჩხრეკა კანონიერად ცნო, პირადი ჩხრეკა კი – უკანონოდ. ანუ ერთი იარაღი, რომელიც პირადი ჩხრეკისას ამოუღეს, უკანონოდ იქნა ცნობილი და კანონიერად იქნა ცნობილი იმავე პოლიციელების მიერ იმავე დროს ჩატარებული ავტომანქანის ჩხრეკა. წარმოიდგინეთ, რამხელა ნონსენსია. რაც მნიშვნელოვანია, სასამართლომ პირადი ჩხრეკა არაკანონიერად იმიტომ ცნო, რომ ჩხრეკის ოქმი გაყალბებულია, მნიშვნელოვანი შინაარსია ჩამატებულიო. იმავე პოლიციელებმა რომ ავტომანქანა გაჩხრიკეს, ეს კანონიერი ყოფილა. ბრალის წარდგენის საფუძველი არსებობს. დანარჩენი გამოჩნდება“, – ამბობს სოსო ბაბაევის ინტერესების დამცველი.
ბაბაევმა სააპელაციო სასამართლოს განჩინების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სააპელაციო სასამართლო ხელისუფლების გავლენის ქვეშაა. „ეს არის უმსგავსო საქციელი მოსამართლის მხრიდან. მე არ მეგონა, თუ სააპელაციო სასამართლოში ასე მოხვდებოდა, ასეთი სტრუქტურა მოხვდებოდა გავლენის ქვეშ. ამას მარტო მე არ ვამბობ, ეს ნახა საზოგადოებამ, დაინახა საზოგადოებამ, თუ როგორ დევნიან პოლიტიკური ნიშნით კრიტიკულად მოაზროვნე ხალხს. ანუ კრიტიკულად მოაზროვნე ხმა უნდათ, რომ გააჩუმონ. სკენ მიგვაქანებენ და უნდათ რუსული რეჟიმი, რუსული მმართველობა, რუსული რეპრესიები, ეს ფაქტია”, – განაცხადა ბაბაევმა.
იგი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. მან პოლიციელების წინააღმდეგ უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ბიზნესმენის საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ლევან დარბაიძემ 6 ივნისს გამართულ პროცესზე დაუშვებლად ცნო შსს-ს მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ბაბაევს სახეზე ცემის კვალი ახლაც ეტყობა. გორში გამართულ პროცესზე ბიზნესმენმა ილაპარაკა მის მიმართ პოლიციელების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის შესახებ.
ბაბაევი ამბობდა, რომ „მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტი და „კალაშნიკოვის“ ავტომატი ჩაუდეს. 6 ივნისის სხდომაზე მოსამართლე ლევან დარბაიძემ ჩამოთვალა დარღვევები, რომლებიც ბაბაევის დაკავებისას გამოვლინდა. მან დაუშვა, რომ ბიზნესმენს არაადამიანურად მოეპყრნენ. ლევან დარბაიძის შეფასებით, ეს ვარაუდი ვერ გაქარწყლდა ვერც წარმოდგენილი მასალებით და ვერც საგამოძიებო ოქმში ასახული გარემოებებით.

ასევე დაგაინტერესებთ