აგვისტოს ბოლოს „გორგია“ საჩხერეშიც გაიხსნება. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა თორნიკე გურულმა BMG-თან საუბრისას განაცხადა, უახლოესი პერიოდის გეგმებშია დამატებითი ფილიალების გახსნა ფოთსა და ზესტაფონშიც.
“„ჩვენი პროდუქცია ყველაზე მოთხოვნადი თბილისთან და ბათუმთან ერთად არის ქუთაისში და კახეთის რეგიონში, კერძოდ თელავში. ეს ალბათ გამომდინარეობს იქიდან, რომ ქალაქში ბევრი სასტუმრო და შატო გაიხსნა. გააქტიურებულია ანაკლიის მხარე, ამიტომ ჩვენ სამეგრელოში კიდევ ვფიქრობთ გაფართოებას. ამ ეტაპზე ზუგდიდში მხოლოდ ერთი მარკეტით ვართ წარმოდგენილები და ვფიქრობთ, მალე ფოთშიც გავხსნით, ტერიტორია უკვე შერჩეული გვაქვს. ასევე ექსკლუზიურად მინდა გითხრათ, რომ შემდეგი გახსნა გველოდება საჩხერეში. აქამდე აქ მაღაზია არ გვქონდა, მაგრამ მოთხოვნა დიდია და ვფიქრობთ, აგვისტოს ბოლოს მოსახლეობის გახარებას და ახალი ფილიალის გახსნას უკვე საჩხერეშიც შევძლებთ.
ბიზნესის დივერსიფიკაციაზე ვფიქრობთ და ვვარაუდობთ, რომ რამდენიმე მლნ ლარის ინვესტიციას ჩავდებთ. საჩხერეში ვფიქრობთ, განვავითაროთ ერთი მარკეტი, შემდეგი გაჩერება კი ფოთი და ზესტაფონი იქნება. ამ ორ რეგიონში არ გვინდა მხოლოდ „გორგიას“ სივრცით ვიყოთ წარმოდგენილი და ისეთი ტიპის სავაჭრო ცენტრის გაკეთება გვინდა, როგორიც თელავში გვაქვს, სადაც მულტიბრენდული შოპინგ ცენტრია“, – განაცხადა თორნიკე გურულმა „საქმიან დილასთან“ საუბრისას.
კომპანია ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 13 ჰიპერმარკეტს მართავს. თორნიკე გურული აღნიშნავს, რომ მათ პროდუქტზე მოთხოვნა დედაქალაქთან ერთად რეგიონებშიც მაღალია.