„გორბის“ კვლევები დიდ თეთრ მაგიდასთან იწერება – გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია მიანიშნებს, რომ „გორბის“ კვლევებში პარტიების რეიტინგები სინამდვილეში „ქართული ოცნების“ სურვილისამებრ იწერება.
ამის შესახებ მან „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„გინდათ მოგიყვეთ „გორბის“ სანდოობის ხარისხი როგორია? „გორბის“ კვლევები დიდ თეთრ მაგიდასთან იწერება. ასეთი მრგვალი მაგიდაა იქაც, ცოტა უფრო დიდი და თეთრი. დიახ [ასე პირდაპირ ხელით, სურვილისამებრ], „აი, ამას მიუმატე ამდენი, ამას მოაკელი ამდენი“ – ასე იწერება. სხვა კი არაფერია. მთავარი მიზანი რა არის? – მთავარი არის, რომ ამ კვლევებით ზემოქმედება მოახდინო ამომრჩევლების განწყობაზე. 2020-ში მცდელობა რომ იყო, ვეუბნებოდი, აბა, ახლა გაიქეცით აქედან, წადით-მეთქი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
„გორბის“ კვლევები ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ტარდება. 8 ოქტომბერს გამოქვეყნებული „გორბის“ კვლევით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი არის 59.5%; ხოლო გიორგი გახარიას პარტიას 3.8%-იანი რეიტინგი აქვს. „იმედის“ თანახმად, საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით, 18-30 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა, გამოიკითხა 1 700 ადამიანი და ცდომილება პლუს მინუს 3%-ია.

ასევე დაგაინტერესებთ