„Eagle Hills-სთან თანამშრომლობის ფარგლებში“ აჭარის მთავრობამ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა გონიოსთან, ზღვისპირას მდებარე ჯამში 2,57 მილიონი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთები, მათ შორის ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაც.
ხელისუფლების ვერსიით, არაბულმა კომპანია Eagle Hills-მა საქართველოში [თბილისსა და ბათუმში] 6,6 მილიარდი აშშ დოლარის დეველოპერული პროექტები უნდა განახორციელოს. Eagle Hills-თან გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას კი, კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული.
„ქართული ოცნება“ ირწმუნება, რომ პროექტს ნაკლი არ აქვს, ხოლო ხელშეკრულების გასაიდუმლოება სტანდარტული პრაქტიკაა. არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროების მოთხოვნით ბათუმში, 2025 წლის 14 დეკემბერს საპროტესტო აქციაც გაიმართა.
„არაბთა გაერთიანებული საამიროების დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიის Eagle Hills-სთან თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ N497 განკარგულებას „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი 2025 წლის 17 მარტს მოაწერა.
ამ განკარგულებით მთელი რიგი ღონისძიებების გატარება დაევალათ სახელმწიფო უწყებებს. ამავე განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „უფლებამოსილების ფარგლებში და კომპეტენციის გათვალისწინებით, საჭირო ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი დახმარების აღმოჩენა შესაძლოა ეთხოვოთ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას“.
„ბათუმელებმა“ აჭარის არალეგიტიმური მთავრობისგან 2025 წლის 13 ნოემბერს წერილობით გამოითხოვა „დეტალური ინფორმაცია თუ რა ღონისძიებები გაატარეს N497 განკარგულების ფარგლებში; ასევე, ამავე განკარგულების ფარგლებში რა ღონისძიებებს ატარებს დღევანდელი მდგომარეობით.“
წერილი აჭარის მთავრობიდან ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გადააგზავნეს და საბოლოოდ პასუხი ერთი თვის შემდეგ მივიღეთ:
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შემოსული თქვენი კორესპონდენციის პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 17 მარტის №497 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ბათუმში, გონიოს მიმდებარედ განთავსებული აჭარის საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთი, შემდგომი განკარგვისათვის, გადაეცა უსასყიდლოდ სახელმწიფოს“, – წერია სამინისტროდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში, რომელიც 2025 წლის 15 დეკემბრითაა დათარიღებული.
საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, ჯამში 2 579 000 კვადრატული მეტრი [ანუ 257,9 ჰექტარი] ფართობის მიწის ნაკვეთები, რომლებიც აჭარის საკუთრებაში იყო, 2025 წლის აგვისტოდან უკვე საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაშია დარეგისტრირებული.
ქონების სახელმწიფოსთვის დარეგისტრირების საფუძვლად კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ივლისის ბრძანებაა მითითებული. „უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ბრძანება N1705 – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ, დამოწმების თარიღი: 30/07/2025, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარე“ – წერია რეესტრის ამონაწერში.
257,9 ჰექტარი [გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის] ტერიტორია, რომელიც აჭარის საკუთრება იყო და სახელმწიფოს გადასცეს. ამ ტერიტორიას [ყვითელი ფერით] კომპანია „იგლ ჰილს საქართველოს“ გადასცემენ საინვესტიციო პროექტისთვის. წითელი ფერით მონიშნულია ტერიტორია [15,8 ჰა], რომელიც ამ დროისთვის აჭარის საკუთრებაშია. ლურჯი ფერით კი შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიიის“ საკუთრებაში არსებული ტერიტორიაა [18,9 ჰა] მონიშნული. ამ კომპანიის 100 პროცენტს კი სახელმწიფო ფლობს.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, საქართველო „პროექტში უძრავი ქონებით – გონიოში არსებული 260 ჰექტრით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტრით შედის, ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი, რაც წინასწარი შეფასებით 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს“.
კომპანია „იგლ ჰილს საქართველო“ თბილისში 2025 წლის 28 აპრილს დარეგისტრირდა. ამ კომპანიის დირექტორია ორმაგი [ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საამიროები] მოქალაქე ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი.
საჯარო რეესტრის 2025 წლის 2 დეკემბრის ამონაწერით, „იგლ ჰილს საქართველოს“ 66,67%-ს ფლობს შპს „იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედ“ [არაბთა გაერთიანებული საამიროები], ხოლო 33,33%-ს ფლობს საქართველო [წილის მმართველად დარეგისტრირებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო].
კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: ირაკლი ნადარეიშვილი[საქართველო], თორნიკე ზირაქიშვილი[საქართველო], მოჰამედ ალი რაშედ ალაბბარი[არაბთა გაერთიანებული საამიროები], რაშიდ მოჰამედ ალი რაშედ ალაბბარი[არაბთა გაერთიანებული საამიროები], ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი, ეგვიპტე /არაბთა გაერთიანებული საამიროები. სოლიმანი კომპანიის დირექტორიცაა].
Eagle Hills-ის პროექტი გონიოში / კომპანიის რენდერი /ასეთი განაშენიანებაა დაგეგმილი ჭოროხის დელტაში
ტერიტორია ჭოროხის დელტაში, რომელიც Eagle Hills-ს უნდა გადასცენ „ზურმუხტის ქსელის“ საზღვრებშია. ეს ქსელი კი დაცული ტერიტორიაა. Eagle -Hills-ის საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის 2025 წლის მარტის განკარგულებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც დაევალა „საჭიროებიდან გამომდინარე „ზურმუხტის ქსელის“ ფარგლებში დაცული საზღვრების კორექტირებისთვის შესაბამისი ღონისძიებები განახორციელოს“.
არაბული Eagle Hills-ის პროექტი რომ ჭოროხის დელტაში დაცულ ტერიტორიას შეეხება, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში „ბათუმელებს“ ფაქტობრივად დაუდასტურეს.




