გონებრივი გადაწვა – მშობლობის უჩინარი შრომის ანატომია

წარმოიდგინეთ სცენა: ზუმის შეხვედრაზე კვარტალური KPI-ების განხილვა, პარალელურად სკოლის მხიარული დღეები გახსენდება, საყიდლების სიაში წვენი ამატებ და ფიქრობ, თუ როგორ დასრულო შვილის პროექტი გლობალურ დათბობაზე. ეს არის მენტალური გადატვირთვის რეალური შემთხვევა – გონებრივი წნეხი, რომელიც მომუშავე მშობლების ყოველდღიურობას ასე ხშირად ახასიათებს. ისინი იძულებულნი არიან, მართონ არა მხოლოდ პროფესიული ვალდებულებები, არამედ მთელი ოჯახის ლოგისტიკური სისტემა – პერსონალის, ზეგანაკვეთური ანაზღაურებისა და ინსტიტუციური მხარდაჭერის გარეშე.
მენტალური გადატვირთვა წარმოადგენს ხილული სამუშაოს მიღმა არსებულ უხილავ შრომას. ეს არ არის მხოლოდ დავალებების შესრულება, არამედ მათი დამახსოვრება, წინასწარგანჭვრეტა, ორგანიზება და ემოციური გადამუშავება. განსხვავება დიდია „ექიმთან ვიზიტის დანიშვნასა“ და კომპლექსურ პროცესს შორის, რომელიც მოიცავს ბავშვის აცრების ისტორიის გახსენებას, სამედიცინო დაწესებულებასთან დაკავშირებას, გრაფიკში თავისუფალი დროის მოძიებას, კალენდარში ჩანიშვნას და ბავშვის ფსიქოლოგიურ მომზადებას ვიზიტისთვის. კვლევები ადასტურებს, რომ ეს ტვირთი უმეტესწილად დედებზე მოდის.
Pew Research Center-ის მონაცემებით, დედების 74% აცხადებს, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან შვილების განრიგის მართვაზე, მაშინ როცა მამების მხოლოდ 22% იღებს ამ პასუხისმგებლობას. დედების 78% საოჯახო მოვალეობების ძირითად მმართველად გვევლინება. ეს მოიცავს ყველაფერს – დაბადების დღეების დამახსოვრებიდან დაწყებული (მეუღლის ოჯახის წევრების ჩათვლით), ახალი წინდების შეძენით გაცვეთამდე და სახლში ყველა ნივთის ადგილმდებარეობის ცოდნით დამთავრებული.
მამების როლი უდავოდ მნიშვნელოვანია, თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ დედები უფრო ხშირად ავლენენ უნარს, წინასწარ განჭვრიტონ საჭიროებები. ისინი, როგორც ინტუიციური სტრატეგები, უბრალო სასკოლო ინფორმაციაშიც კი აანალიზებენ პოტენციურ გამოწვევებს, იქნება ეს რაიმე ტიპის ვირუსი თუ სხვა მოულოდნელი სიტუაცია.
მენტალური დატვირთვა არ წარმოადგენს უბრალო დისკომფორტს – ეს არის კოგნიტური რესურსების მუდმივი გაჟონვა, რომელიც ფიტავს. მაღალი მენტალური დატვირთვა უკავშირდება პროფესიულ გადაწვას, ძილის დარღვევებს და ურთიერთობებში წარმოქმნილ უკმაყოფილებას. რთულია პროფესიულ გარემოში სრული კონცენტრაცია ან ოჯახურ წრეში პოზიტიური ატმოსფეროს შენარჩუნება, როცა გონება 24/7 რეჟიმში ლოგისტიკურ ცენტრად ფუნქციონირებს.
პრობლემის მოგვარება არ გულისხმობს ზედაპირულ მიდგომას „დახმარების თხოვნის“ სახით. დახმარების კონცეფცია თავისთავად გულისხმობს, რომ პასუხისმგებლობა თავდაპირველად მხოლოდ ერთ ადამიანს ეკისრებოდა. რეალური გამოსავალი მდგომარეობს პასუხისმგებლობების გადანაწილებაში, ანგარიშვალდებულების დანერგვასა და ეფექტური სტრატეგიების გამოყენებაში.
მენტალური გადაძაბვის ე.წ. აუდიტის ჩატარება შესაძლებელია ერთი კვირის განმავლობაში ყველა შესრულებული დავალების აღრიცხვით. ეს ინფორმაცია შემდგომ კონსტრუქციულად უნდა გაზიარდეს ოჯახის წევრებთან ან კოლეგებთან.
კოგნიტური შრომის ბიუჯეტის შექმნა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ფინანსური დაგეგმვა. ეს გულისხმობს პასუხისმგებლობების მკაფიო განაწილებას: ვინ არის პასუხისმგებელი სამედიცინო საკითხებზე, ლოგისტიკაზე თუ ემოციური კრიზისების მართვაზე. ნამდვილი გაძლიერება ვლინდება, როდესაც სხვა ოჯახის წევრს ახსოვს ბანაკის გადასახადის გადარიცხვა.
რა არის გამოსავალი? მაგალითად, გაანებეთ თავი ერთი რომელიმე დავალებას და დააკვირდით შედეგებს. ეს შეიძლება იყოს სპორტული აღჭურვილობის შეხსენება ან დილას ბავშვის გაღვიძებაზე ზრუნვა. თუ ვითარება გართულდება, ეს თავისთავად წარმოაჩენს პრობლემას. ზოგჯერ ქაოსი ყველაზე ეფექტური მასწავლებელია – ეს არაა საბოტაჟი, არამედ განვითარების შესაძლებლობა.
მნიშვნელოვანია კვების დაგეგმვის როტაციული სისტემის დანერგვაც. ის საშუალებას იძლევა, ყოველკვირეულად სხვადასხვა ოჯახის წევრმა აიღოს პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საკვების მომზადებაზე, არამედ მთლიან დაგეგმვის პროცესზე, სადილისა და ვახშმის ჩათვლით. თუ პროცესის დასაწყისშივე ისმის შეკითხვა გარედან კვების შეკვეთასთან დაკავშირებით, ეს მხოლოდ ადასტურებს პასუხისმგებლობის სირთულესა და მნიშვნელობას.
მნიშვნელოვანია ნორმად იქცეს ფრაზა „მე ამას დღეს არ ვაკეთებ“. ეს არ არის უარის თქმა, არამედ ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნების სტრატეგიაა. შესაძლებელია უარის თქმა დამატებით პროექტებზე, ოჯახში დაკარგული ნივთების მუდმივ ძიებაზე ან საყოფაცხოვრებო საჭიროებების ავტომატურ შევსებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი აღქმულია და გააზრებული გაქვთ.
მენტალური გადაწვის პრობლემის გადაჭრა არ უკავშირდება ახალ ორგანიზაციულ ინსტრუმენტებს, აპლიკაციებს ან დროს. გამოსავალი არის პასუხისმგებლობების გაზიარებაშიც, რაც იწყება დატვირთვის აღიარებით, დროის პრიორიტეტიზაციითა და ოჯახის „უხელფასო“ ადმინისტრატორის როლის უარყოფით. თუ სხვა არავინ ზრუნავს ლანჩ-ბოქსებზე, ჰიგიენურ პრობლემებსა ან დედლაინებზე, შესაძლოა დროა, ეს პასუხისმგებლობა სხვა ოჯახის წევრებმაც გაიზიარონ.
წყარო: Fastcompany marketer.ge