გონებადაბინდული ივანიშვილი მიზანმიმართულად ატერორებს ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, ხელოვანებს – ყველას, ვინც არ ვეგუებით მის პირსისხლიან რეჟიმს, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოშლასა და დიქტატურის გაფორმებას, – ასეთ შეფასებას აძლევს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, არმაზ ახვლედიანი „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას.
როგორც ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს, ახლა დუმილი და ორაზროვანი განცხადებები დანაშაულია.
„თბილისის ქუჩებში სისხლიანი ტერორია! ივანიშვილის სადისტური რეჟიმი ღია სადამსჯელო-საჩვენებელ ოპერაციას ატარებს პროტესტანტების, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ!
გონებადაბინდული ივანიშვილი მიზანმიმართულად ატერორებს ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, ხელოვანებს – ყველას, ვინც არ ვეგუებით მის პირსისხლიან რეჟიმს, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოშლასა და დიქტატურის გაფორმებას!
ახლა დუმილი და ორაზროვანი განცხადებები დანაშაულია! არ დავნებდებით! არ შევეგუებით! ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ შავი ჭირის მოსაშორებლად!“,- წერს ახვლედიანი „ფეისბუქზე“.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. შემთხვევა ბესიკის ქუჩაზე მოხდა. „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს. მაკა ჩიხლაძეს ზურგიდან თავში ჩაარტყეს და წააქციეს. ჟურნალისტის ინფორმაციით, წაქცევის შემდეგ ურტყეს წიხლები, მათ შორის სახეში.
