გომელაური 4 წლამდე პატიმრობით ემუქრება მოქალაქეებს, ვინც პარლამენტის ბლოკირებას შეეცდება

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელურმა ანტირუსული აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე სპეციალური ბრიფინგი გამართა. გომელაურის თქმით, “ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე” აამოქმედებენ სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლს, რომელსაც წინა წლებში, მისივე შეფასებით, “არაპროპორციულად ლოიალურად” იყენებდნენ.
აღნიშნული მუხლი გულისხმობს სტრატეგიული, ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას, ან ბლოკირებას. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ამ მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც ამგვარი დანაშაულის ჯგუფურად, ან არაერთგზის ჩადენის შემთხვევაში 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“როგორც პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებებით, ისე ოპერატიული ინფორმაციით, ჩვენთვის ცნობილია, რომ დაგეგმილია, მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეკრებამ მიიღოს ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, მათ შორის შეკრების მონაწილეებმა სცადონ საქართველოს პარლამენტის ბლოკირება და ხელი შეუშალონ შენობაში საქართველოს პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლების შესვლას, რასთან დაკავშირებითაც გვსურს გავაკეთოთ გამაფრთხილებელი განცხადება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე.
გასულ წლებში, ჩამოყალიბებული იყო არაპროპორციულად ლოიალური პრაქტიკა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნულ მუხლთან მიმართებით, რამაც, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, შესაბამისი დანაშაულის პრევენციაზე უარყოფითი გავლენა იქონია. შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, ეს მუხლი კანონის დამრღვევების მიმართ პროპორციულად ავამოქმედოთ და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ავამოქმედოთ”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.