“ვეღარ ვიგებ, საზოგადოება რამდენად ადეკვატურად აღიქვამს იმას, რამდენად მძიმე მდგომარეობაში ყველა ერთად. აქ მხოლოდ ამ დაჭერილ ხალხზე არაა საუბარი. პირველ რიგში, იმ წუხილით ვარ აქ ახლა, რომ მინდა ყველას, ვისაც შევხვდები, ეს ვუთხრა, ეს რაც ხდება, რას ფიქრობთ, ნორმალურია? ეს კითხვა მებადება ყველას მიმართ”, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა ქუთაისის სასამართლოსთან, სადაც დაკავებული ჭიათურელი მაღაროელების სასამართლო სხდომა გაიმართა.
ჭიათურის გაფიცვების 4 ლიდერის სასამართლო პროცესი დასკვნით ეტაპზეა და მალე განაჩენი გახდება ცნობილი. მათ პროკურატურა ძალადობრივ დანაშაულში სდებს ბრალს. ვარლამ გოლეთიანი სასამართლოზე სწორედ მათ მხარდასაჭერად მივიდა და კომენტარი მისცა ადგილობრივ მეგა ტვ-ს.
“იმდენად დანაწევრებულია ჩვენი საზოგადოება და ერთმანეთის დაჭმაზე არიან მხარეები გადასული, რომ ჩაკარგულია ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც განაპირობებს ჩვენ ხვალინდელ დღეს. ხვალ რომ ვიღაც იმავე განსასჯელის სკამზე აღმოჩნდება… დიდი ხანია ვიძახით ამას, რომ არავინ გამომსარჩლებელი და ხმის ამომღები არ იქნებაო და უკვე მივედით, პრაქტიკულად მაგ ეტაპზე ვართ. რაღაც წარმოუდგენელი უსამართლობა ხდება და ამაზე რეაქცია არის 50 ადამიანი სასამართლოს შენობაში.
გაცილებით მეტი ადამიანი უნდა იყოს [აქ] ასეთ ვითარებაში, ადგილობრივი, ჭიათურელიც, საჩხერელიც ანუ განსაკუთრებით იმ რეგიონიდან და მერე დანარჩენი საქართველოდანაც. თუ გვერდში არ დაუდგები ადამიანს, რომელსაც უსამართლოდ ჩაგრავს სისტემა დღეს, შენ რა მოგელის მაშინ ხვალ? მაგრამ ვიღაცებს უბრალოდ ჰგონიათ, რომ ეს მას არ შეეხება, იმიტომ რომ დალაგებულია სისტემასთან თვითონ – იმ ორი კაპიკისთვის ყოველდღიურად გადის სახლიდან და რაღაცას აკეთებს და ახლა არ შეიწუხებს ზედმეტად თავს, როგორც ჩანს, ასეა.
თითოეულმა იქ მყოფმა ხომ იცის, რაც ხდება? ის მადანი რომ ვიღაცას არ ხმარდება, თუ სადღაც გადის – რა გამჭვირვალობით იმართება ეგ პროცესი ჭიათურაში… დანგრეული, მიწასთან გასწორებული, მიწაში ჩავარდნილი სახლები… შეუიარაღებელი თვალით რომ გადახედო, ხომ ყველაფერი ცხადია. ამას რა ახსნა სჭირდება საერთოდ, ჩემამდე არ დადის, მაგრამ საბოლოო ჯამში იმ ინერტულობამდე მივდივართ, რომ უბრალოდ ყველა რაღაცას მიეჩვია”, – აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.
ვარლამ გოლეთიანი საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო. ეს მოძრაობა ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტს აორგანიზებდა. გოლეთიანი ფიქრობს, რომ დღეს საბოლოო ჯამში ადამიანები ტერორის გამო არიან გაჩუმებული.
“ვიძახეთ ის, რომ თითქოს ტერორი არ არის დღეს, შიში არ არის და აი, წინა ხელისუფლებასთან ვაკეთეთ პარალელები ამ მიმართულებით, რომ მაშინ ვიღაც გვატერორებდა და დღეს აღარ გვატერორებენ და ამისთვის მადლობელი უნდა ვიყოთ… სინამდვილეში, ტერორის გამო ვერ იღებს [დღეს] ვერავინ ხმას, ხომ? აი, ახლა კარგად რომ ჩაეკითხო, ტერორის გამო არ ლაპარაკობს არავინ. მაგას გეტყვის, რომ სკოლიდან გამომიშვებენ, ბაღიდან გამომიშვებენ, სოციალურს მომიხსნიან, რაღაცა იქნება, ეს იქნება… ეს ტერორი არ არის? შენს თანამშრომელს, 9 წელი რომ ერთად რომ მუშაობდით მაგალითად, ან ერთად ცხოვრობდით, შენს მეზობელს, უსამართლოდ რომ ციხეში სვამენ და ამის გამო ხმას არ იღებ, ეს ტერორი არ არის? სხვა რა არის ტერორი?
რადგან შენ არ შემოგაკითხა ვიღაცამ სახლში და წიხლით არ გამოგაგდო იქიდან, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა და დღეს მშვიდობაა? ასეთ მშვიდობას მე არ ვუსურვებდი არავის. სანამ ამ საკითხებს ასე ზედაპირულად შევაპირისპირებთ ერთმანეთთან, როგორც ახლა ჩვენს ქვეყანაში ხდება, ხომ – მშვიდობის, ომის და რაღაც ასეთი საკითხები – მანამ ვიქნებით ამ მდგომარეობაში რაშიც ვართ.
ვიღაცები აქ ყოველთვის იქნებიან კმაყოფილი, საბჭოთა კავშირის დროსაც კმაყოფილი იყო ვიღაც და სხვა დროსაც, სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში. კმაყოფილი ხალხი მოიძებნება ყოველთვის, ამა თუ იმ ტირანის მისამართითაც და ასე შემდეგ, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ სამართლიანობაა გამეფებული”, – ამბობს გოლეთიანი.
ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომლის მფლობელობაშია ყველა მაღარო ჭიათურაში, მუშაობა შეაჩერა და თანამშრომლები ნაწილობრივ – 60%-იან ანაზღაურებაზე გადაიყვანა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კომპანია დასაქმებულებს არც ამ თანხას უხდიდა და აღარც სამუშაოების განახლებას აპირებდა. ამას მაღაროელთა პროტესტი მოჰყვა, რომელიც უკვე თვეებია გრძელდება. ისინი პერიოდულად ჭიათურიდან დედაქალაქში ჩამოდიან და ითხოვენ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრთან, აწყობენ აქციებს პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან, თუმცა – უშედეგოდ.
24 აპრილს მაღაროელებმა დამსაქმებლისგან მიიღეს ერთგვარი შეთავაზება, რომელიც ეხება კომპანია “ჯორჯიან მანგანეზში” რეორგანიზაციის პროცესსა და მუშაობის შემდგომი გაგრძელების პერსპექტივებს. დოკუმენტში, რომელიც სულ 7 პუნქტისგან შედგება, წერია, რომ დასაქმებულები ინფორმირებული არიან რეორგანიზაციის შემდეგ არსებული საშტატო ნუსხის, ვაკანტური ადგილების, სამუშაო განაკვეთის, ანაზღაურებისა და სხვა დეტალების შესახებ და ზოგადად, აქვთ პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე. თუმცა მაღაროელები ამბობენ, რომ გარდა შაბლონური განცხადებისა, რომელზე ხელმოწერისკენაც მოუწოდებენ, არანაირი განმარტებები არ მიუღიათ.
შესაბამისი განცხადებები თანამშრომლებს “ჯორჯიან მანგანეზმა” მას შემდეგ გაუგზავნა, რაც კომპანიის მმართველი კომპანია CMC მაღაროში მუშაობის აღდგენას დაჰპირდა, თუმცა, გარკვეული პირობებით: კომპანიამ გადაჭრით მოითხოვა პროტესტის, პიკეტირების შეწყვეტა და მის ხედვაზე დამორჩილება.
მაღაროელთა ნაწილი არ თანხმდება დამსაქმებლის ამ პირობებს და აგრძელებს პროტესტს. მათი შეფასებით, დოკუმენტი, რომელზე ხელმოწერასაც “ჯორჯიან მანგანეზის” მმართველი კომპანია CMC სთავაზობს, მთლიანად დამსაქმებლის ინტერესებზეა მორგებული და არ ითვალისწინებს დასაქმებულთა საჭიროებებს.
პროტესტის ლიდერთა ნაწილი – მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი 29 აპრილს დააკავეს. სარალიძესა და ნეფარიძეს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება, ხოლო ჭუმბურიძესა და გველესიანს – მასში მონაწილეობას.




