რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით ქართული ოცნების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც გოგოლაშვილი ფეისბუქზე წერს, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაუქმებისთვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უბრალო უმრავლესობის მიმართვაა საკმარისი.
“რაც შეეხება ევროკავშირის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობას. ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოსდა უვიზო რეჟიმის გაუქმებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონსენსუსი ესაჭიროება, ამიტომ ეს ტექნიკურად თითქმის შეუძლებელი ამოცანა არისო. სინამდვილეში საკმარისია ქვეყნების უბრალო უმრავლესობის მიმართვა, რომ ევროკომისიამ შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა მესამე ქვეყანასთან 9 თვით, ხოლო საკითხის შესწავლის შემდგომ (თუ დადასტურდა გაუქმებისთვის აუცილებელი პირობების არსებობა) კიდევ 18 თვით. ასე მგონია ოცნების ჩინოვნკებმა ინგლისური არ იციან, ან ჰგონიათ, რომ მათ გარდა სხვამ არავინ იცის საქართველოში”, – წერს გოგოლაშვილი ფეისბუქზე.
ევროპარლამენტში მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს ეხება. რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს იქამდე, სანამ რუსული კანონი სამართლებრივ დღის წესრიგშია.
ასევე, რეზოლუციის შესწორებაში ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და მოითხოვენ, შეფასდეს რუსული კანონის გავლენა უვიზო რეჟიმის კრიტერიუმებზე.
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეზოლუცია სამარცხვინოა. მამუკა მდინარაძემ ვიზალიბერალიზაციის ჩანაწერს “შანტაჟი” უწოდა. ხოლო თბილისის მერმა და ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის გასაუქმებლად ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო.