ხელისუფლებას რა უნდა, ნათელია – დიქტატურა და ერთპიროვნული მმართველობა უნდა, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, ხელისუფლება მუდმივ წნეხს უნდა გრძნობდეს, ვინაიდან მხოლოდ ასეთ დროს შეიძლება ის დათმობაზე წავიდეს.
~„ხელისუფლებზეც არაა საუბარი, ბიძინა ივანიშვილის სურვილია ერთპიროვნული მმართველი იყოს, ამისთვის ახდენს მთელი სახელისუფლებო ბერკეტების უზურპაციას, თავიდან ბოლომდე, ხელისუფლების ყველა შტო პირადად მას ემორჩილება უშუალოდ. 80-დღიანმა საპროტესტო აქციებმა აჩვენა, რომ ხალხი ამასთან შეგუებას არ აპირებს, ეს მუხტი საზოგადოებაში ნამდვილად არის. ვიცი, რომ ეს განწყობები ბევრად ფართოა ჩვენს საზოგადოებაში, ვიდრე ჩანს მიმდინარე აქციებზე. ვფიქრობ, ის ადამიანები, რომლებიც შორიდან გვიჭერენ მხარს, უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ. თუ ჩვენ ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება გვინდა, თავი უნდა შევიწუხოთ, კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიდეთ და ჩვენი თავისუფლებისთვის ვიბრძოლოთ, თავისუფლებას ლანგარზე არავინ მოგვართმევს. ხელისუფლება ბუნებრივია, დათმობებზე თავისი ნებით არ წავა, უნდა ვაიძულოთ, იძულების მთავარი ფორმა ხალხის ძალიან დიდი აქტიურობაა. ეს აქციები ყოველდღიურად უნდა იყოს, ახლაც დგას ბევრი ადამიანი, მაგრამ ეს არის 5-6-7 000, დღეს შეიძლება, 10 000, მაგრამ ყოველდღიურად 20 000 – 30 000 ადამიანი უნდა იდგეს რუსთაველზე. ხელისუფლება მუდმივ წნეხს უნდა გრძნობდეს, მაშინ შეიძლება ის დათმობაზე წავიდეს. არის საშუალებები, რომ დემოკრატიულად, ყოველგვარი დავიდარაბის გარეშე ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ, ახალი არჩევნები დაინიშნოს და საზოგადოებამ გადაწყვიტოს თავისით – რა გვინდა ბოლო-ბოლო, საით გვინდა წასვლა“, – განაცხადა ჟვანიამ.