საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალაში მოსახლეობას შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ადგილობრივებმა პარლამენტის წევრს განხორციელებული და მიმდინარე პროექტებისთვის მადლობა გადაუხადეს და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრნენ.
„ძალიან კარგია ის, რაც აქამდე ჩვენს სოფელში გაკეთდა. გვაქვს ბუნებრივი აირი, გზა, გარე განათება. ახლა კი სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ჩვენ ვხედავთ და ვაფასებთ ამ ყველაფერს. დღეს კი მთავარი გამოწვევა სარწყავი წყალია. გვიხარია, აქ რომ ხართ და გვაქვს იმედი თქვენი თანადგომის”, – ამ სიტყვებით მიმართა სოფელ ჭაპალას მკვიდრმა ქეიგუბატ ნაბიევმა საქართველოს პარლამენტის წევრს.
გოგი მეშველიანის განცხადებით, ადგილობრივები არსებულ გამოწვევებთან ერთად საუბრობენ იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში განხორციელდა და დადებითად აფასებენ მათ საქმიანობას.
„ადგილობრივები არსებულ გამოწვევებთან ერთად საუბრობენ იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში განხორციელდა და დადებითად აფასებენ ჩვენი გუნდის საქმიანობას. ეს საკითხი გარდა ჭაპალისა კიდევ ორ სოფელს -სამტრედოს და სავანეთს ეხება. ექვს კილომეტრიანი სარწყავი არხი კერძო საკუთრებაშია და იმისთვის, რომ არხმა გამართულად იფუნქციონიროს გარკვეული სამუშაოების ჩატარებაა საჭირო. მოსახლეობასთან და კერძო მესაკუთრესთან ერთად ვიმსჯელეთ პრობლემის გადაწყვეტის გზებზე. დავსახეთ გარკვეული ღონისძიებები რომლებიც უახლოეს პერიოდში უნდა განხორციელდეს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებს დროულად ვუპასუხოთ“,- განაცხადა გოგი მეშველიანმა.
მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დავით ჯაფარიძე, ნახიდურის თემის მაჟორიტარი ვუგარ ისაევი, საკრებულოს წევრი ვუსალ აშიროვი, მერის წარმომადგენლები – ნუგზარი რეხვიაშვილი, თალეხ აივაზოვი, წარმომადგენლების სპეციალისტები რახილ ფატულაევი და ხალადინ ბილალოვი.