გოგი გვახარია – კარლო პონტი – იტალიური კინოს ნათლია და სოფია ლორენის ერთადერთი სიყვარული

radiotavisupleba.ge აქვეყნებს ს წერილს – “კარლო პონტი – იტალიური კინოს ნათლია და სოფია ლორენის ერთადერთი სიყვარული”, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მას შემდეგ, რაც სოფია ლორენი დაგვინათესავდა, ერთი კითხვა არ მასვენებს – რას ელოდება „ნეტფლიქსი“?  აქამდე რატომ არ დაინტერესდა „მამა სოფიას“  ბიოგრაფიით? კი, იტალიაში წლებია უკვე ასე იხსენებენ სოფია ლორენს – „მამა სოფია“.

აქ თითქმის ყველა თაობის ადამიანმა ზეპირად იცის ეს ისტორია უმამოდ გაზრდილი ქალისა, 14 წლის ასაკიდან რომ დაიწყო სილამაზის კონკურსებში მონაწილეობა, ხოლო 16 წლისამ ერთ-ერთ ასეთ კონკურსზე გაიცნო ჟიურის წევრი, რომელმაც მთელი მისი კარიერა განსაზღვრა. იმხანად 38 წლის კარლო პონტიმ, სოფიაზე დაბალმა, კარგა მაგრად გამელოტებულმა, უკვე დაოჯახებულმა პროდიუსერმა სოფია ლორენი მსოფლიო კინოს ვარსკვლავად აქცია. პირველ ცოლთან განქორწინების მისაღწევად უამრავი წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდა (საბოლოოდ, იძულებული გახდა, სოფიასთან ერთად საფრანგეთის მოქალაქეობა მიეღო, რადგანაც იტალიაში განქორწინება აკრძალული იყო) და შეძლო შეექმნა ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ოჯახი კინოს ისტორიაში, წარმატებული, სიმპათიური შვილებით, რომელთაგანაც კარლო-უმცროსი ქართველების სიძე გახდა.

დიახ, კარლო პონტი-უმცროსი ისევეა შვილი დიდი კინოვარსკვლავისა, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროდიუსერისა, რომლის სახელს მთელი იტალიური კინოს აღმავლობა უკავშირდება.

2014 წელს კანის კინოფესტივალზე სოფია ლორენმა მასტერკლასი გამართა. ამ ღონისძიებას „მასტერკლასი“ ფორმალურად უწოდეს – ორგანიზატორებმა იცოდნენ, რომ სოფია ლორენი დარბაზს სამსახიობო ოსტატობის გაკვეთილებს არ ჩაუტარებდა (თუმცა 80 წლის ქალმა ცოტა იმღერა და წაიცეკვა კიდეც სცენაზე). გამიკვირდა, რომ ლუის ბუნუელის სახელობის ისედაც პატარა დარბაზი შუადღეზე გამართულ მასტერკლასზე ნახევრად ცარიელი იყო. როგორც ჩანს, სხვა დარბაზებში ჰოლივუდის ახალ ბლოკბასტერს უჩვენებდნენ ან, უბრალოდ, ჟურნალისტებმა იფიქრეს, რა უნდა თქვას ახალი სოფია ლორენმაო… მოჰყვება, ალბათ, როგორ არჩია კარლო პონტი კერი გრანტს, რომელიც ქორწინებას სთხოვდა, როგორ დაკმაყოფილდა „პლატონური რომანით“ მარჩელო მასტროიანისთან, როგორ იცავს დიეტას და იძინებს საღამოს 9 საათზე…

მაგრამ არაფერი მსგავსი, ყველა კითხვა, რომლებიც ეხებოდა მის ასაკს, პირად ცხოვრებას, გადასახადების დამალვას, სასახლეს შვეიცარიაში… სოფიამ ვირტუოზულად აიცდინა, ილაპარაკა კინოზე – გაიხსენა საყვარელი ფილმები (იდეალური მახსოვრობა აქვს!) და განსაკუთრებით დიდი დრო დაუთმო მეუღლეს. ოღონდ არა კარლო პონტის, როგორც „მაგარ მამაკაცს“, როგორც „კაცს, რომელმაც სოფიას ცხოვრებაში მამა ჩაანაცვლა“, არამედ კარლო პონტის, რომელმაც ფაქტობრივად მკვდრეთით აღადგინა იტალიური კინო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და დიდება შეუნარჩუნა 50-იანი წლების მეორე ნახევარშიც, როცა ნეორეალიზმის თემატიკა და სტილი კრიზისს განიცდიდა.

40-იანი წლების დასაწყისში, როცა კარლო პონტი, განათლებით იურისტი, კინოინდუსტრიაში მოხვდა, იტალიურ კინოს გაუმართლა; მუსოლინის ვაჟს, ვიტორიოს, არა მარტო საკუთარი კინოკომპანია ჰქონდა, არამედ კარგი ჟურნალიც, „ჩინემა“, რომელმაც შექმნა თეორიული ბაზა ომისშემდგომი კინოს მთავარი მიმართულებისთვის, ნეორეალიზმისთვის. სწორედ ვიტორიო მუსოლინის უნდა უმადლოდნენ იტალიელი კინემატოგრაფისტები მეტ-ნაკლებ თავისუფლებას და პროპაგანდისტული ხელოვნებისგან გამიჯვნის შესაძლებლობას. თავისუფლება შეეხო არა მარტო შემოქმედებას, არამედ ბიზნესსაც; ახალგაზრდა კარლო პონტის მხოლოდ ერთხელ შეექმნა პრობლემები, როცა მილანში, სადაც კინოსტუდიის დაარსებას აპირებდა, დააფინანსა მარიო სოლდატის ფილმი „პატარა ანტიკური სამყარო“(1940), ამბავი იტალიელების ბრძოლისა ავსტრიელი დამპყრობლების წინააღმდეგ. პრემიერის შემდეგ კარლო პონტი რამდენიმე დღით დააპატიმრეს კიდეც, რადგანაც მიხვდნენ, რა ასოციაციებს ბადებდა ფილმი. „პატარა ანტიკური სამყაროს“ წარმატება კი განაპირობა არა მარტო პატრიოტულმა თემატიკამ, არამედ მთავარი როლის შემსრულებელმა, იტალიური კინოს ახალმა ვარსკვლავმა ალიდა ვალიმ, რომელიც სწორედ კარლო პონტიმ აღმოაჩინა. ალიდა ვალის მოჰყვა ჯინა ლოლობრიჯიდა, კიდევ ერთი ქალი, რომელიც კარლო პონტიმ მოიყვანა კინოში და ბოლოს სოფია ლორენი – სილამაზის ახალი ეტალონი.. თუმცა რატომ მხოლოდ სილამაზის? ნიჭის, თავისუფლების, სექსუალურობის, ქალური სიამაყის…

„ქალებში კარგად ერკვეოდა, ბრძანებებსაც გასცემდა, როგორ უნდა ჩაგვეცვა, როგორი მაკიაჟი მოგვიხდებოდა… კი, მართალია – თავიდან ცხვირი და თეძოები დამიწუნა, არც ისაა ჭორი, რომ მკერდი მეტისმეტად დიდი ზომის მოეჩვენა, მაგრამ მე არ დავმორჩილდი“, – გაიხსენა სოფიამ კანში და დიდხანს ისაუბრა კარლო პონტის, როგორც პროდიუსერის, ბოლო ფილმზე, ეტორე სკოლას „განსაკუთრებულ დღეზე“, რომელშიც „ყველაზე სექსუალური დუეტის“, სოფია ლორენისა და მარჩელო მასტროიანის იმიჯი დაშლილია და „უკუღმა“ წარმოდგენილი – მარჩელოს გმირი ჰომოსექსუალია, სოფიასი კი მრავალშვილიანი დიასახლისი, რომელსაც სამზარეულოს იქით თითქმის არც არაფერი არ უნახავს. ასეთი გარდასახვა საშიში იყო. მაყურებელი საყვარელი დუეტისგან ერთს მოელოდა, მიიღო სულ სხვა. მაგრამ კარლო პონტის რისკი უყვარდა – ის ეხმარებოდა ყველას, ვინც სიახლეს ამკვიდრებდა კინოში.

სიახლის, ექსპერიმენტის, გამოხატვის ახალი ფორმების ძიება კარლო პონტის, როგორც პროდიუსერის, ერთი მხარეა. მაგრამ სიახლე და ორიგინალურობა ბევრს უყვარს, წარმატებას კი ყველა ვერ აღწევს. ამბობენ, რომ აქ მნიშვნელოვანი იყო მისი ინტუიცია, იმის გააზრება, რომ დღევანდელი წარუმატებლობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მომავალი თაობა არ დაგაფასებს. ვინ იფიქრებდა, მაგალითად, რომ ისეთი ბლოკბასტერის პროდიუსერი, როგორიცაა „ომი და მშვიდობა“ ან თუნდაც „დოქტორი ჟივაგო“(კარლო პონტის ყველაზე შემოსავლიანი პროექტი) ამავე დროს დაეხმარებოდა არსებითად არაკომერციული მიმართულების, ფრანგული „ახალი ტალღის“ რეჟისორებს? ანდა თუნდაც მიქელანჯელო ანტონიონის, რომელიც კარლო პონტიმ დაიყოლია, გამიჯვნოდა იტალიურ კინოინდუსტრიას და დათანხმებოდა საერთაშორისო პროექტებზე მუშაობას. ასე შეიქმნა საუკუნის ფილმები „ბლოუ-აპი“ და „პროფესია რეპორტიორი“.

70-იანი წლების მიწურულს, როცა სოფია ლორენის პოპულარობამ კლება დაიწყო, მისი ქმარი კი ფერწერული სურათების კოლექციონერობამ გაიტაცა (1979 წელს გაასამართლეს კიდეც ხელოვნების ნაწარმოებების კონტრაბანდისათვის), კარლო პონტიმ ურჩია სოფიას, მემუარები გამოეცა. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ წიგნის მნიშვნელოვანი ნაწილი ეძღვნება კარლო-უფროსს… და ქართველების სიძესაც, კარლო-უმცროსს. მშობლები იმდენად გახარებული იყვნენ მემკვიდრის დაბადებით (სოფიას შვილი დიდხანს არ უჩნდებოდა), რომ ინტერვიუ პირდაპირ სამშობიარო სახლის დერეფანში მისცეს. ფოტოც მინახავს – სოფია და ახალდაბადებული კარლო-უმცროსი ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაში სავარძელზე და 56 წლის კარლო-უფროსი, გარშემორტყმული რეპორტიორებით, რომლებიც მომავალი დირიჟორის დაბადებას ულოცავენ.

10 საუკეთესო ფილმი, რომელთა პროდიუსერი კარლო პონტია:

  • „ევროპა 51“(1951), რეჟისორი რობერტო როსელინი;
  • „გზა“(1954), რეჟისორი ფედერიკო ფელინი;
  • „ომი და მშვიდობა“(1956), რეჟისორი კინგ ვიდორი;
  • „ლოლა“(1961), რეჟისორი ჟაკ დემი;
  • „კლეო 5 დან 7 საათამდე, რეჟისორი ანიეს ვარდა;
  • „ზიზღი“ (1963), რეჟისორი ჟან-ლუკ გოდარი;
  • „ექიმი ჟივაგო“(1965), რეჟისორი დევიდ ლინი;
  • „ბლოუ-აპი“(1966), რეჟისორი მიქელანჯელო ანტონიონი;
  • „ზაბრისკი პოინტი“ (1970), რეჟისორი მიქელანჯელო ანტონიონი;
  • „პროფესია რეპორტიორი“ (1974), რეჟისორი მიქელანჯელო ანტონიონი.