შსს-ს ყოფილმა თანამშრომელმა, გოგა რაზმაძემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. როგორც საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გოგა რაზმაძემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, თბილისის საქალაქო სასამართლოს კი, გათავისუფლების უკანონოდ ცნობისთვის, სამსახურში აღდგენის, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2023 წლის 12 ივლისს, გოგა რაზმაძემ, რომელიც იმ პერიოდისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი იყო და იკავებდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსის პოზიციას, სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოაქვეყნა საჯარო პოსტი, სადაც იგი საუბრობდა მის მიმართ სამინისტროში დისკრიმინაციისა და შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის მიერ განხორციელებულ დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ მოპყრობასა და ახსნა-განმარტების მიცემის იძულების ფაქტებზე.
მიუხედავად იმისა, რომ გოგა რაზმაძის საჯარო პოსტში დასახელებული ზოგიერთი ფაქტი შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, რაც, იმთავითვე, იყო გამოძიების დაწყების წინაპირობა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საკუთარი ინიციატივით რეაგირება არ მოუხდენია. მიმდინარე წლის 14 ივლისს, გოგა რაზმაძემ განცხადებით მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და მოითხოვა გამოძიების დაწყება 2023 წლის 11 ივლისს შსს-ს გენერალურ ინსპექციაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
ნაცვლად გამოძიების დაწყებისა, საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა, გოგა რაზმაძე, შემდგომი გასაუბრების მიზნით, დაიბარა საგამოძიებო სამსახურში. საგამოძიებო ორგანოს ხსენებული ქმედება ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, „დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება“. საგულისხმოა, რომ მოქმედი კანონმდებლობა გამოძიების დაწყებამდე, გასაუბრებას, როგორც საპროცესო მოქმედებას, წლებია, აღარ ითვალისწინებს.
2023 წლის 27 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არ დაიწყო გამოძიება და გოგა რაზმაძის განცხადება, რომლითაც გამოძიების დაწყება იყო მოთხოვნილი, გადაუგზავნა იმავე უწყების უფროსს, რომლის მოადგილის მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებაზეც ითხოვდა გამოძიების დაწყებას განმცხადებელი.1 თავის მხრივ, გენერალურმა ინსპექციამ საქმის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გადაგზავნილი განცხადებაზე სამსახურეობრივი შემოწმება არ დაიწყო, რამეთუ განცხადებაში აღწერილი ფაქტები არ წარმოადგენდა დისციპლინურ გადაცდომას.
დამატებით, გოგა რაზმაძემ განცხადებით მიმართა გენერალურ პროკურატურას, როგორც სისხლის სამართლის საქმეთა საპროცესო ხელმძღვანელ უწყებას, მიუხედავად ამისა, პროკურატურამ, განცხადების შეტანიდან დაახლოებით 1 თვის შემდგომ, 2023 წლის 30 ოქტომბერს, საგამოძიებო მოქმედების განხორციელების გარეშე, მომჩივანს აცნობა, რომ
გენერალური ინსპექციის თანამშრომლებთან გასაუბრების შემდგომ გოგა რაზმაძის მიმართ ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის დანაშაულის ჩადენას. ხსენებული დასკვნა გაკეთდა იმდაგვარად, რომ შესაძლო დანაშაულის მოწმე გოგა რაზმაძე არც გამოკითხულა.
სამუშაო ადგილზე შევიწროვებისა და დისკრიმინაციული მოპყრობის გამო, გოგა რაზმაძემ ასევე, მიმართა სახალხო დამცველსაც, რომელმაც შეწყვიტა საქმე დისკრიმინაციული მოპყრობის არარსებობის გამო.2
იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნულ დონეზე გოგა რაზმაძის მიერ ინფორმაციის დეტალურად მიწოდებისა და არაერთი მიმართვის მიუხედავად, საგამოძიებო ორგანოებმა უარი განაცხადეს გამოძიების დაწყებაზე და მომჩივნის განცხადება სწორედ იმ უწყებას გადაუგზავნეს, რომლის თანამშრომელიც მხილებული იყო მომჩივნის მიერ და ამასთან, სახალხო დამცველმა, როგორც უფლებამოსილმა უწყებამ, ვერ დაინახა მამხილებლის სამსახურეობრივი შევიწროვების ფაქტი, გოგა რაზმაძემ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად 2023 წლის 24 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.
წარდგენილი საჩივარი შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლს (წამების აკრძალვა, მატერიალური და პროცედურული ნაწილი) მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) ერთობლიობაში, მე-3 მუხლს (წამების აკრძალვა) მე-13 მუხლთან (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლება) ერთობლიობაში, მე-8 მუხლს (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) ერთობლიობაში და მე-10 მუხლს (გამოხატვის თავისუფლება).
სწორედ სახალხო დამცველის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 2023 წლის 10 ნოემბერს, შსს გენერალურმა ინსპექციამ მოამზადა დასკვნა გოგა რაზმაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათი მოკვლევის საგანი სწორედ გოგა რაზმაძის მიერ დეპარტამენტში არსებული შევიწროვების ფაქტები უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, გოგა რაზმაძემ ამ საკითხზე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. სარჩელით იგი ითხოვს გათავისუფლების უკანონოდ ცნობას, სამსახურში აღდგენას, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა გოგა რაზმაძის მოთხოვნა დროებითი განჩინების მიღების თაობაზე. სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოს დავის გადაწყვეტამდე გოგა რაზმაძის პოზიციაზე სხვა პირის დანიშვნა აუკრძალა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ორგანიზაციის განმარტებით, გოგა რაზმაძის ინტერესებს თბილისის საქალაქო და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საია იცავს.