გოგავამ და ყურაშვილმა ენმ დატოვეს და წულუკიანის კომისიაზე წარდგებიან

„ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2008 წლის ომის საქმეზე გაერთიანებული შტაბის მაშინდელი უფროსი, გენერალი ზაზა გოგავას და იმ დროს სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსის, გენერალი მამუკა ყურაშვილი დაიბარეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ისინი კომისიის სხდომაზე მისვლას აპირებენ და პარტია დატოვეს.
„2025 წლის 18 თებერვალს გამართულ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე გენერალმა გოგავამ და ყურაშვილმა გაგვაცნეს მათი საერთო გადაწყვეტილება, რომ თავს ვალდებულად თვლიან ქართული სახელმწიფოს და ომში დაღუპული გმირების ოჯახებისა და ხსოვნის წინაშე, 2008 წლის ომთან დაკავშირებით უპასუხონ ნებისმიერ შეკითხვას, ნებისმიერ ფორმატში, თუნდაც არალეგიტიმურ პარლამენტში. ამავე სხდომაზე გენერლებმა დატოვეს ყველა პარტიული თანამდებობა პარტიის და საერთო ოპოზიციური პოზიციის გათვალისწინებით, რომელიც გამორიცხავს პოლიტიკოსების მონაწილეობას რუსულ კომისიაში, რადგან მოქმედი პოლიტიკოსების დაბარების მთავარი ამოცანა არა რამე ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, არამედ პოლიტიკური პროპაგანდისტული წარმოდგენის დადგმა და მათი დაკავების მუქარით მანიპულაციაა. ამგვარად, გენერლები კომისიაში წარდგებიან ყოველგვარი პარტიული აფილიაციის გარეშე“, — ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.
ენმ-ის შეფასებით, ივანიშვილის რეჟიმის მიერ შექმნილი ე.წ. საპარლამენტო კომისია ზედმიწევნით აგრძელებს ოკუპანტი ს დავალებების შესრულებას და საერთაშორისო სასამართლოებში აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოს მიერ მოგებული საქმეების შეტრიალებას ცდილობს.
„საქართველომ გაიმარჯვა რუსეთის წინააღმდეგ და გაბათილდა პუტინის ყველა სიცრუე აგვისტოს ომის შესახებ ჯერ 2021 წლის 21 იანვარს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ხოლო შემდეგ, 2022 წლის 30 ივნისს ჰააგას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სწორედ იმიტომ, რომ გენერალმა გოგავამ და ყურაშვილმა ქართული ჯარის, საქართველოს სიმართლე უმაღლესი კვალიფიკაციითა და არგუმენტაციით დაიცვეს. ამ გამარჯვების რევიზირებაა ქართული ოცნების მთავარი მიზანი. ამას გულისხმობს ე.წ. სამართლიანობის აღდგენა, საქართველოს ისტორიის ოკუპანტის ვერსიით გადაწერა, 2008 წლის ომის საქართველოსა და ქართველ სამხედროებზე გადაბრალება და ოკუპანტის გამართლება უმაღლესი საერთაშორისო ტრიბუნალების გადაწყვეტილებების შეტრიალებით“, — აცხადებს ენმ.
„ქართულ ოცნებას“ ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი აქვს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს. ოპოზიციის წარმომადგენლები კომისიის მუშაობას ბოიკოტს უცხადებენ. კომისიამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურას მიმართა.