„გლობალურ ტენდენციას ვითვალისწინებთ და ბრილიანტის ასორტიმენტს ვზრდით“ – ზარაფხანა

საიუველირო სახლი „ზარაფხანა“ ასორტიმენტს აფართოებს. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე სამხარაძე აცხადებს, მთავარი აქცენტი ბრილიანტზე გაკეთდება, რაც გლობალური ტენდენციის გამოძახილია. მისი თქმით, სიახლეს ქართული წარმოებაც ითვალისწინებს.
ასორტიმენტის გამრავალფეროვნება ‘’ზარაფხანას“ 2024-25 წლების გეგმის ნაწილია, რაშიც კომპანია ₾1.5 მლნ-ის ინვესტირებას გეგმავს. აქედან ₾300 000 ბრილიანტის ასორტიმენტის განახლებას მოხმარდება.
რაც შეეხება წარმოების პროცესს, როგორც თორნიკე სამხარაძე აცხადებს, ამ ეტაპზე ბრილიანტის ნაკეთობა „ზარაფხანას“ ოქროს სამკაულის დაახლოებით 30%-ს შეადგენს და მომავალი წლისთვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 50%-მდე გაიზრდება.
„ვცდილობთ, ბრილიანტის მიმართულებით მეტი მრავალფეროვნება შემოვიტანოთ, როგორც ამას მთელ მსოფლიოში წამყვანი ბრენდები აკეთებენ. არ გვინდა, რომ ამ სიახლეს ჩამორჩეს ქართველი მომხმარებელი და მათაც ჰქონდეთ საშუალება, რომ ხარისხიანი სამკაული შევთავაზოთ. ეს ყურადღება დაეთმობა ძვირფასი თვლის ვიზუალს, ფორმას, თლილს და სხვა. დროსთან ერთად ადამიანის გემოვნება იცვლება, ვისწრაფვით, რომ ჩვენი სამკაული ყველა დროისთვის იყოს მიმზიდველი”, – აცხადებს თორნიკე სამხარაძე.
შეგახსენებთ, „ზარაფხანა“ საქართველოში სახლია, რომლის ისტორიაც 1939 წლიდან იწყება. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული საიუველირო ნაკეთობების მწარმოებელი კომპანიისთვის 2022 წელი ცვლილებების იყო. კონკრეტულად კი 2022 წლის პირველ ნახევარში კომპანიის 100%-იანი წილის მმართველი „ნიუ ვიჟენ დეველოპმენტი“ გახდა.
დღეისათვის, კომპანია ქვეყნის მასშტაბით ბრენდული საიუველირო ნაკეთობის 5 მაღაზიას მართავს. აქედან 1 ონლაინ მაღაზიაა.
bp.ge