ისრაელ-ირანის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან ნავთობის გლობალურ ბაზარზე ფასების ზრდის მოლოდინები მკვეთრად გაძლიერდა. ინვესტორები და ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ნებისმიერი ფართომასშტაბიანი ესკალაცია რეგიონში, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობმწარმოებელი და სატრანზიტო არეალია, მნიშვნელოვნად დააზიანებდა მიწოდების ჯაჭვებს და მიწოდების შემცირებას გამოიწვევდა, რაც თავის მხრივ ნავთობს გააძვირებდა.
მოლოდინები ძირითად ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ტრანსპორტირების შეფერხებაზე იყო დამყარებული, აღნიშნულ სრუტეს ირანი აკონტროლებს და მასზე მსოფლიოს ნავთობის დაახლოებით 20% გადის.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის, ვახტანგ იობაშვილი ინფორმაციით, გლობალურ სანავთობო ბაზრებზე ფასების ზრდის მოლოდინი არ გამართლდა.
,,გლობალურ სანავთობო ბაზრებზე არანაირი ცვლილებები არ შეინიშნება. ამის ნიშნები თავიდან იყო, მაგრამ ახლა დაანონსებული ზრდა რაც იყო, პირიქით 3%-ით დაბლა წამოვიდა მოლოდინები. ქართულ ბაზარზე ნავთობის ფასს არა მხოლოდ გლობალური მოცემულობა, ასევე შიდა ფაქტორებიც განსაზღვრავს, კერძოდ ლარის მიმართება დოლართან. ჩვენ თავთობპროდუქტებს დოლარის ვალუტაში ვყიდულობთ და შიდა ბაზრებზე ლარში ვყიდით.
თუ მსოფლიოში მშვიდობა იქნება, სანავთობო ბაზარზე, ისევე როგორც ყველგან სტაბილური მდგომარეობა იქნება. ცოტა ხნის წინ, ამერიკის პრეზიდენტის განცხადებებმა ნავთობპროდუქტებზე დიდი გავლენა მოახდინა, ფასები გაიზარდა ეკონომიკის თითქმის ყველა დარგში. თუმცა ეს მოლოდინები იმდენად დიდი არ ყოფილა, რომ მომხმარებელი ქვეყნების შიდა ბარზებზე რაიმე დიდი ცვლილება მოეხდინა. რაც შეეხება ქართულ ბაზარს, თუ მსოფლიო სანავთობო ბაზარზე რამე ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმა არ მოხდა, ჩვენ არსებულ სტაბილურ ფასს შევინარჩუნებთ“,- აღნიშნა იობაშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში.
