გლობალურ პოლიტიკაში, სახელმწიფოები დიასპორების საშუალებით აძლიერებენ საკუთარ ქვეყნებს უცხოეთში. ამისთვის ზრუნავენ არა მხოლოდ ხელისუფალნი, არამედ, თავად დიასპორული ორგანიზაციებიც
27 მაისს, როგორც ქართული დიასპორის დღეს სოციალური ქსელით ეხმიანება პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
ექსპერტის თქმით, უცხოეთის ქვეყნებში არსებულ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს სახელმწიფოს მხრიდან მეტი ხელშეწყობა უნდა ჰქონდეთ, რომ ადგილზე შეძლონ უფრო მაღალ დონეზე ინტეგრირდნენ სხვადასხვა სფეროში.
ჩიბურდანიძის განცხადებითვე, ძლიერი დიასპორა, ძლიერი სახელმწიფოა და მისი დამცავი სარტყელი საერთაშორისო პოლიტიკაში.
„გლობალურ პოლიტიკაში სახელმწიფოები ძლიერდებიან საკუთარი დიასპორებით. ზოგჯერ მრავალრიცხოვანი ქვეყნები მიზანმიმართულად უხსნიან გზას საკუთარ მოსახლეობას სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებში, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ ჰყავდეთ ეროვნული პოლიტიკის გამტარებლები სხვადასხვა კონტინენტზე სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით ეკონომიკასა და პოლიტიკაში. ამით ისინი აძლიერებენ საკუთარ ქვეყნებს.
საქართველოს რეალობაც ამ გლობალურ პროცესებს მიჰყვება და ჩვენი მიგრაციაც მოწყვლადი (არალეგალური) კატეგორიიდან მოძრავ (ლეგალურ) კატეგორიაში გადადის, რაც საშუალებას აძლევთ უფრო მჭიდრო კავშირი ჰქონდეთ სამშობლოსთან და ჩვენც უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ მათი რესურსი. დიასპორა სახელმწიფოს იმიჯია უცხოეთში. სადაც ძლიერი დიასპორაა, იქ ჩვენი სახელმწიფოს გავლენები მეტია. ამიტომ, დიასპორულ ორგანიზაციებს მეტი დატვირთვა უნდა ჰქონდეთ და შესაბამისად, მეტი ხელშეწყობა ქვეყნიდან რომ ადგილზე შეძლონ მაღალ დონეზე ინტეგრირება სხვადასხვა სფეროში.
დღეს არა მხოლოდ მცირე ერები, არამედ დიდი სახელმწიფოებიც კი ცდილობენ გარკვეულწილად დიასპორების საშუალებით მართონ საკუთარი პოლიტიკა უცხო ქვეყნებში. პატარა ქვეყნებიდან ამის საუკეთესო მაგალითია ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები. ამისათვის აუცილებელია არა მხოლოდ სახელმწიფო ზრუნავდეს დიასპორებზე, არამედ, დიასპორებიც ზრუნავდნენ სახელმწიფოზე. საუბარი არ არის მხოლოდ საკუთარი ოჯახების უზრუნველყოფაზე, რაც თავისთავად, დიდი საქმეა. აქ საუბარია იმ შესაძლებლობებზე, რაც შეიძლება ჩვენმა თანამოქალაქეებმა გამოიყენონ ადგილზე ჩვენი ქვეყნისთვის.
რაც შეეხება ემიგრანტების დაბრუნებას სამშობლოში, რაც უმნიშვნელოვანესია – ამისთვის ძლიერი ეკონომიკური სახელმწიფო გვჭირდება, რისკენაც მივდივართ, თუმცა ვერც ეს შეაჩერებს ბოლომდე მიგრაციულ ნაკადებს. მოსახლეობას აქვს ერთი დაუწერელი კანონი – თუკი გზას გაუხსნი, მოძრაობს.
ამიტომ არავის ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ საქართველოდან მიგრაცია დასრულდება, როგორი განვითარებულიც არ უნდა ვიყოთ. დღეს განვითარებული სახელმწიფოებიდან ისევ განვითარებულ სახელმწიფოებში ყოველ დღე იზრდება მოსახლეობის მოძრაობა. ესენი არიან მაღალანაზღაურებადი მოქალაქეები, რომლებსაც სურთ კიდევ უფრო მაღალ ანაზღაურებაზე მუშაობა ან თუნდაც, მისთვის სასურველ ქვეყანაში ცხოვრება. ქართული მიგრაციის ნაწილიც უკვე ამ რელსებზე შედგა. ამ შემთხვევაში ბევრი ექსპერტი მიგრაციას უკვე პრობლემად არ განიხილავს და ასეც არის.
ჩვენ წინ გვიდევს სახელმწიფოების ისტორიის განვლილი პრაქტიკა – საუკეთესოდ გამოიყენონ დიასპორული ორგანიზაციები ქვეყნის ინტერესებისთვის. ჩვენც უნდა შევძლოთ და დავაინტერესოთ ჩვენი თანამემამულეები, რომლებსაც აქვთ გარკვეული წარმატებები და არ სურთ სამშობლოში დაბრუნება, ადგილზე ინტეგრირდნენ პოლიტიკაში, ეკონომიკაში თუ სხვა სფეროში. ძლიერი დიასპორა ძლიერი სახელმწიფოა და ერთგვარი დამცავი სარტყელია საერთაშორისო პოლიტიკაში. ასევე, დიასპორების წარმომადგენლებსაც უნდა მივცეთ საშუალება, ინტეგრირდნენ შიდა პოლიტიკაში.
ვულოცავ ჩვენს თანამემამულეებს დიასპორის დღეს და ვუსურვებ სამშობლოში მალე დაბრუნებას. მათ კი, ვისაც დარჩენა სურს, ვუსურვებ ადგილზე დიდ წარმატებებს და ამ მიღწევების გამოყენებას საკუთარი ქვეყნის წინსვლისთვის,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.
