საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს და ვერცხლის ფასები შემცირდა. ერთკვირიან პერიოდში კორექციის მაჩვენებელი 2.7%-ს შეადგენს, ხოლო უნცია ოქროს ფასი ამჟამად 2,868 დოლარია.
ამის გათვალისწინებით, BM.GE დაინტერესდა თუ რა ტენდენციები ფიქსირდება საქართველოს ბაზარზე.
ოქროს შემფასებელ – ექსპერტი, გულიკო მორჩილაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს ბაზარზეც შეინიშნება ოქროს ღირებულების შემცირება. ამასთან, ის დასძენს, რომ სადღესასწაულო პერიოდებში განსაკუთრებით აქტიურია ოქროზე მოთხოვნა.
„ჩვენთანაც შემცირდა ოქროს ღირებულება. დაახლოებით 2 ლარით დაიკლო როგორც ოქროს, ასევე ბაჯაღლოს ფასმა. ამ დროისათვის 1 გრამი ბაჯაღლოს ფასი 257-260 ლარია, ხოლო 1 გრამი ჩვეულებრივი ოქროს ღირებულება 150 ლარი, რაც მცირე კლებაზე მიუთითებს.
აღსანიშნავია, რომ მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით ძალიან დიდი აქტივობა იყო. ზოგადად მოსახლეობა სადღესასწაულო პერიოდში ოქროს შეძენის კუთხით აქტიურდება ხოლმე“, – ამბობს გულიკო მორჩილაძე.
განსხვავებით ექსპერტისგან, ოქროს ბირჟის გენერალური დირექტორი, ეთერ ყიფიანი ამბობს, რომ ფასების ტენდენცია კვლავ უცვლელია და არც მატება და არც კლება არ შეინიშნება.
„ჯერჯერობით, ოქროზე ფასები არ დავარდნილა. მაღალი ფასები ჰქონდა, თუმცა არც მატება და არც კლება არ შეინიშნება.
250-260 ლარი იყო 1 გრამი ბაჯაღლოს ღირებულება. ტენდენცია შეინიშნება, რომ ყველა გაჭირვების დროს, ოქროზე მოთხოვნა იზრდება, რაც სავარაუდოდ იმითაა განპირობებული, რომ მას უფრო სტაბილურ აქტივად მიიჩნევენ“, – ამბობს ოქროს ბირჟის გენერალური დირექტორი.
მიღმა ოქროს ბირჟისა, ონლაინ მაღაზია “ნიელოს” დამფუძნებელი ნინო ჩიხელიძე ამბობს, რომ ოქროზე ფასები არ მცირდება და პირიქით, ბოლო 2 თვეა ოქროსა და ბაჯაღლოზე ფასები იმატებს.
„არ მცირდება ოქროს ფასი, პირიქით მცირედი მატებაა. ბოლო 2 თვის განმავლობაში, ფასები იმატებს როგორც ოქროს, ისე ბაჯაღლოს შემთხვევაში. ქვეყანაში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, პერიოდულად შეიძლება ჩავარდნა იყოს, თუმცა მოთხოვნა ოქროზე არ შემცირებულა. რაღაცნაირად, ყველა თვლის რომ ყველაზე მყარი ვალუტაა.
ბაზარი ძალიან დიდია და შეიძლება ისე ჩანდეს რომ ყველა კმაყოფილი არ არის, რაც დიდი კონკურენციითაა განპირობებული, თუმცა ოქროზე მოთხოვნა ძალიან დიდია“, – ამბობს ონლაინ მაღაზია “ნიელოს” დამფუძნებელი
