როგორი იყო 2023 წელი „გრანთ თორნთონისთვის“ , კომპანიის გლობალური და ლოკალური ფინანსური წელი „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ „კომერსანტის“ ეთერში შეაჯამა.
ვახტანგ ცაბაძის თქმით, კომპანიამ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (saras) მხრიდან ხარისხის შემოწმება უკვე მესამედ გაიარა და დაადასტურა საზოგადოების დაინტერესების პირთა (სდპ) აუდიტორის ხარისხი.
„სასიხარულოა, რომ ჩვენს მეორე გარიგების პარტნიორს, გვანცა შურღაიას მიენიჭა საზოგადოების დაინტერესების პირთა (სდპ) აუდიტორის სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ ახლა ფირმაში ორი სდპ აუდიტორი გვყავს და შეგვიძლია მომსახურების მასშტაბი კიდევ უფრო გავზარდოთ. ხარისხის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანია კომპანიის შემოსავლების და თანამშრომლების მოგების ზრდა. წელს მთლიანი შემოსავლები გლობალურად 7.5 მილიარდამდე გაიზარდა. საქართველოშს ფირმისთვის კი მთლიანი შემოსავლები 4.1 მილიონიდან გავზარდეთ 5 მილიონ ლარამდე, ეს 25%-იანი ზრდაა და მნიშვნელოვანია. რაც შეეხება აუდიტიდან და მარწმუნებელი საქმიანობიდან შემოსავლებს ეს 1.2 მილიონიდან 1.9 მილიონამდე გავზარდეთ. ეს 60%-იანი ზრდაა, რაც ჩვენთვისაც კი მოულოდნელი იყო,“- განაცხადა ვახტანგ ცაბაძემ.
რაც შეეხება იმას, თუ რა არის სექტორის მთავარი გამოწვევა და რამდენად დაფიქსირდა სექტორული ზრდა, ვახტანგ ცაბაძე ამბობს, რომ კონკრეტული რიცხვები მოგვიანებით იქნება ცნობილი, თუმცა ის დარწმუნებულია რომ მნიშვნელოვანი ზრდა ნამდვილად დაფიქსირდება.
ვახტანგ ცაბაძემ სექტორთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ცვლილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 1-ელი აპრილიდან აუდიტორული ფირმების კატეგორიები 6-დან 3-მდე შემცირდება.
„აქამდე 6 კატეგორიაში ძალიან დეტალურად იყო ჩაშლილი უფლებამოსილებები და შეიძლება ცოტა დამაბნეველიც. ახლა კი იქნება 3 კატეგორია : საზოგადოებრივი დაინტერესების პირების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ფირმები , სავალდებულო აუდიტის ჩამტარებელი ფირმები და არასავალდებულო აუდიტის ჩამტარებელი ფირმები.“- აღნიშნა ვახტანგ ცაბაძემ. გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა დაგეგმილი ცვლილება პოზიტიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს აუდიტორული საქმიანობაზე დადებითად აისახება.
