გლობალური უსაფრთხოების ახალ წესრიგში საქართველოც მოყვა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ნამდვილად გლობალური მოთამაშეა
პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ ცვლილებებს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი გლობალური ახალი წესრიგის შექმნის სათავეა, რომლის დროსაც გადაიხედება ყველაფერი, მათ შორის, უსაფრთხოების წესრიგი, რომელიც დღემდე მოქმედებდა.
„ამ ვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, ხალხის დახმარებით, შეინარჩუნა სუვერენიტეტი. ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო 3 წლის განმავლობაში, არ დავემორჩილეთ გარედან ნაკარნახევ არცერთ ქმედებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას უქმნიდა საფრთხეს“- განაცხადა ეკა სეფაშვილმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების სწორი პოლიტიკისა და საზოგადოების დახმარებით, რთული 3 წელი გაიარა ქვეყანამ და მოახერხა ომის თავიდან არიდება. დეპუტატმა ამ პროცესში „ხალხის ძალის“ დამსახურებაც აღნიშნა და განაცხადა, რომ „ხალხის ძალა“ იყო პირველი, ვინც ღიად დაიწყო საუბარი უცხო ძალების ზეწოლის შესახებ.
„ყოველდღიურად მოწმე ვხდებით მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ ძალთა ახალი გადანაწილების, ახალი ბალანსის დასამყარებლად. ეს ომიც, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარეობს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, არის პროქსი ომი. ეს არის ომი, რომელმაც უნდა დაუდოს სათავე გლობალური ახალი წესრიგის შექმნას და გლობალურ ახალ წესრიგში, რა თქმა უნდა, ყველაფერი გადაისინჯება და გადაიხედება, მათ შორის, უსაფრთხოების წესრიგი, რომელიც დღემდე მოქმედებდა. ამ უსაფრთხოების წესრიგში საქართველოც მოყვა და ეს მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ნამდვილად გლობალური მოთამაშეა და არ არის ერთ-ერთი რიგითი ქვეყანა, მისი ზომების მიუხედავად. ამ ვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, ხალხის დახმარებით, შეინარჩუნა სუვერენიტეტი. ვგულისხმობ იმას, რომ ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო 3 წლის განმავლობაში, არ დავემორჩილეთ გარედან ნაკარნახევ არცერთ ქმედებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას უქმნიდა საფრთხეს. სწორედ ეს 3 წელი იყო ყველაზე რთული ამ ვითარებაში, რადგან მიმდინარეობდა ომი რუსეთ-უკრაინას შორის, სადაც პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოს ჩართულობას იმიტომ, რომ ძალთა ახალი ბალანსისათვის საქართველოს ფიზიკურად ომში ჩართულობა იქნებოდა მნიშვნელოვანი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ქართველი ხალხის, ჩვენი ხელისუფლების და რა თქმა უნდა, “ხალხის ძალის” დამსახურებაც, რომელმაც პირველმა დაიწყო რეალურ ვითარებაზე გახსნილად საუბარი იმისათვის, რომ ხალხს ჰქონოდა ინფორმაცია და სწორი გადაწყვეტილება მიეღო,“-განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
Previous: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული იაპონიის ელჩის მოადგილეს შეხვდა