გლობალური სავაჭრო-სატარიფო ომი საქართველოს ახალ შესაძლებლობას გაუჩენს – შუა დერეფნის ფუნქციის ზრდას პროგნოზირებენ

აშშ-ს მიერ პოზიციების რადიკალური შეცვლა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში დიდ გაურკვევლობას იწვევს. მათ შორის საქართველოში, მართალია, ამ ფაქტორების გავლენა პირდაპირ არ იგრძნობა, თუმცა იმ დონეზე მაინც აისახება, რომ სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები ახლებურად გადალაგდეს და ბოლო წლეების განმავლობაში მიღწეული სარგებელი, ლოგისტიკური თუ წმინდა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები შენარჩუნდეს. მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა სატარიფო პოლიტიკის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო, არც სხვა სახელმწიფოების რეაქციამ დააყოვნა, რომელიც დიდწილად ევროკავშირის ქვეყნებსა და ჩინეთს ეხება.
გლობალურ ეკონომიკაში დღესდღეობით იმაზე მეტი გაურკვევლობაა, ვიდრე რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისში იყო.
რა ახალი შესაძლებლობებია ქვეყნისთვის და როგორ შეიძლება ისარგებლოს ამით საქართველომ, სავაჭრო ურთიერთობების რა ახალი ფორმა შეიძლება შემუშავდეს, რათა ქვეყანა უფრო მიმზიდველი გამოჩნდეს.
როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, საქართველო შედარებით სტაბილური ეკონომიკის მქონე ქვეყნებისკენ აიღებს კურსს, როგორიცაა შუა აზიის სახელმწიფოები და ჩინეთი. ამას მოწმობს მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის ვიზიტები ცენტრალურ აზიაში, მათ შორის, უზბეკეთსა და თურქმენეში.
ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად ბაზრების დივერსიფიცირებას მიიჩნევს. რაც შეეხება ,,ტარიფების ომის“ გავლენას, ამით საქართველო არ დაზარალდება და რადგან არც და არც ევროკავშირის ქვეყნები ჩვენი სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოები არ არიან.
,,რა პროცესებიც ახლა მიდის, მისი ნეგატიური გავლენა ეხება ყველა ქვეყანას, მარტო საქართველო არ უნდა ვიგულისხმოთ, თუმცა ჩვენ მოცემულ სიტუაციაში ყველაზე ნაკლებად შეგვეხება. ვგულისხმობ აშშ-ს სატარიფო პოლიტიკას ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, როგორიცაა მექსიკა და კანადა. ჩვენ ეს ნაკლებად შეგვეხება იმ კუთხით, რომ არც მექსიკა და არც კანადა არ არიან ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები.
რაც შეეხება ევროკავშირთან დამოკიდებულებას, ტარიფების გადახედვა თუ არ მოხდება, შეიძლება მომავალში პოლიტიკა შეიცვალოს ან სხვა გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. აშშ-სა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა ორმხრივი ნეგატივის – როგორც ევროკავშირს შეექმნება პრობლემა აშშ-ს ბაზარზე, ანალოგიური პრობლემის წინაშე აღმოჩნდება აშშ-ც. აქამდე ეს კავშირი მყარი იყო და ერთმანეთისთვის ძირითად სავაჭრო პარტნიორებს წარმოადგენდნენ ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად. ამ ქვეყნებზე ნამდვილად აისახება, მაგრამ საქართველოზე ნაკლებად“, – თქვა ცუცქირიძემ.
მისი აზრით, ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, წესით, უნდა შენარჩუნდეს, რასაც ხელს უწყობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.
,,ჩვენ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს და ექსპორტ-იმპორტთთან დაკავშირებითაც ნორმალური ვითარებაა, ამ მიმართულებით ცვლილებას არ უნდა ველოდოთ. ამასთან, ჩვენი ეკონომიკა ბოლო დროს საკმაოდ კარგად დივერსიფიცირდება. არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნები, არამედ რეგიონული მასშტაბითაც, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, რუსეთთან და ასევე შუა აზიის ქვენებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გააქტიურებულია და ჩინეთთანაც ყოველწლიურად იზრდება.
ჩვენი ამოცანაა დივერსიფიცირებული ეკონომიკა, რაც მეტ ბაზარზე გვექნება წვდომა, გლობალური შოკი მით ნაკლებად დაგვაზარალებს. ეს გვაჩვენა კოვიდპანდემიამაც. ახლა ჩვენ ისედაც გვაქვს შუა დერეფნის ფუნქცია. სამომავლოდ კი სატარიფო ომში შუა დერეფნის ფუნქციას არათუ შევინარჩუნებთ, კიდევ უფრო გაიზრდება“, – დასძინა გიორგი ცუცქირიძემ.
გლობალური ცვლილების ფონზე ქვეყნის მთავარ გამოწვევად ეკონომისტი რამაზ გერლიანი ბაზრების დივერსიფიცირებას მიიჩნევს, რაშიც იგი წინა რესპონდენტის მოსაზრებას სრულად იზიარებს. ამასთან, გერლიანის შეფასებით, საქართველოზე საერთაშორისო ფაქტორი იმდენად არ ახდენს გავლენას, რამდენადაც შიდა პოლიტიკური დაძაბულობა.
,,აშშ-თან და ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები უნდა გაგრძელდეს. გარკვეული რისკებია ამ მიმართულებით და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გამოწვევა დავძლიოთ. განსაკუთრებით აშშ-თან მიმართებაში. ვხედავთ, რომ გამოიკვეთა ძლიერი მოთამაშე მსოფლიო არენაზე. პატარა ქვეყნის კვალობაზე, საქართველოს მოზომილი და ფრთხილი პოლიტიკა მართებს. ჩვენ გეოპოლიტიკურად და ეკონომიკურადაც ხელსაყრელ მდგომარეობაში ვართ. ამიტომ მთავარია, მომგებიანი პოზიცია დავიჭიროთ.
აზიის ქვეყნებზე აქცენტები კეთდება იმიტომ, რომ სხვა მიმართულებით არ გვაქვს წარმატება. ყველასთან უნდა გვქონდეს კარგი ურთიერთობა. ბაზრების დივერსიფიკაცია კარგია, მაგრამ არ უნდა მოხდეს ისე, რომ ერთი მეორეთი ჩაანაცვლონ. სამწუხაროდ, ახლა ეს ნიშნები გამოიკვეთა.
საექსპორტო მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. სხვა მხრივ ჩვენ არ ვართ ცუდ მდგომარეობაში გლობალური ცვლილებების კუთხით. ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესები უფრო მეტი პრობლემაა ქვეყნისთვის“, – თქვა რამაზ გერლიანმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მალე ევროკავშირში წარმოებულ საქონელზე 25%-იანი ტარიფები დაწესდება. ანალოგიური ტარიფები მექსიკისა და კანადის წინააღმდეგაც დააანონსა. ახალი სატარიფო გეგმა ძალაში 4 მარტს უნდა შესულიყო, თუმცა თარიღმა 2 აპრილამდე გადაიწია.
ამასთან აშშ-ის პრეზიდენტმა ბლოკის პოლიტიკა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და ხაზი გაუსვა, რომ ის სურსათისა და ავტომობილების ამერიკელ ექსპორტიორებს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს.
„ევროკავშირი შეიქმნა შეერთებული შტატებისთვის ზიანის მისაყენებლად – ეს არის მათი მიზანი და საქმე კარგად გააკეთეს, მაგრამ ახლა მე ვარ პრეზიდენტი“, –აღნიშნა ტრამპა.
ევროკავშირმა აშშ-ის პრეზიდენტის პრეტენზიები უარყო და განაცხადა, რომ რეგიონული ბაზრის შექმნამ ამერიკული კომპანიებისთვის ევროპაში ბიზნესის კეთება გააადვილა.
წყარო: რეზონანსი