2025 წელს მსოფლიო ანტიფაშისტულ ომში გამარჯვების მე-80 წლისთავი აღინიშნება. 80 წლის წინ, ორი მსოფლიო ომის საშინელებებმა ღრმად ჩააფიქრა საერთაშორისო საზოგადოება და მან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსების გადაწყვეტილება მიიღო, რამაც გლობალური მმართველობის სრულიად ახალ ეტაპს დაუდო სათავე. ბოლო 80 წლის განმავლობაში, გაეროზე დაფუძნებულმა საერთაშორისო სისტემამ, საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულმა საერთაშორისო წესრიგმა და გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებზე დაფუძნებულმა საერთაშორისო ურთიერთობების მარეგულირებელმა ფუნდამენტურმა ნორმებმა, ისტორიული წვლილი შეიტანეს მსოფლიო მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნებაში, მათ მტკიცედ უჭერს მხარს მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა, მათ შორის ჩინეთი და საქართველო.
80 წლის შემდეგ, მსოფლიო დაჩქარებული ტემპით განიცდის უპრეცედენტო ცვლილებებს, იგი არეულობამ და გაურკვევლობამ მოიცვა, რაც გავლენას ახდენს გაეროსა და მულტილატერალიზმზე. საერთაშორისო საზოგადოების მოწოდება თანამშრომლობის, მშვიდობისა და განვითარებისკენ უცვლელი რჩება, თუმცა ცივი ომის მენტალიტეტი, ჰეგემონიზმი და პროტექციონიზმი კვლავ სერიოზულ საფრთხეს უქმნის ყველა ქვეყნის, განსაკუთრებით კი გლობალური სამხრეთის, სტაბილურობასა და განვითარებას. აღორძინებადი და განვითარებადი ქვეყნების მზარდი წვლილი მსოფლიოს გაუმჯობესებისთვის სრულებით არ შეესაბამება მათ უფლებებსა და გავლენას. გლობალური მმართველობის დეფიციტი იზრდება და ის, თუ როგორი გლობალური მმართველობის სისტემა უნდა შევიმუშაოთ და როგორ გავაუმჯობესოთ იგი, იმ გლობალურ საკითხად იქცა, რომელიც სასწრაფოდ საჭიროებს მოგვარებას.
ისტორიულ გამოცდილებასა და დღევანდელ საჭიროებებზე დაყრდნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა წამოაყენა გლობალური მმართველობის ინიციატივა, რითაც განსაზღვრა უფრო სამართლიანი და გონივრული გლობალური მმართველობის სისტემის ჩამოყალიბების კურსი. სექტემბრის დასაწყისში, პრეზიდენტმა სი ძინფინგმა თიენძინში გამართულ „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) +“ კონფერენციაზე გლობალური მმართველობის ინიციატივის ხუთ ძირითად კონცეფციაზე ისაუბრა, ესენია სუვერენული თანასწორობის დაცვა, საერთაშორისო სამართლის უზენაესობის დაცვა, მულტილატერალიზმის მიხედვით მოქმედება, ხალხზე ორიენტირებული მიდგომა და მოქმედებაზე ორიენტირება. სუვერენული თანასწორობა გლობალური მმართველობის მთავარი წინაპირობაა. ყველა ქვეყანას, დიდს თუ პატარას, ძლიერს თუ სუსტს, მდიდარს თუ ღარიბს, აქვს უფლება თანაბრად მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო საქმეებში. ის უთანასწორო სიტუაცია, რომელშიც რამდენიმე ქვეყანა გლობალური მმართველობის მონოპოლიზაციას ახდენს, არ უნდა გაგრძელდეს. საერთაშორისო სამართლის უზენაესობა გლობალური მმართველობის ფუნდამენტური გარანტიაა. საერთაშორისო სამართალი და წესები ის საერთო პრინციპებია, რომლებიც ყველა ქვეყანამ ერთობლივად უნდა დაწეროს, შეინარჩუნოს, დაიცვას და განახორციელოს. მულტილატერალიზმი გლობალური მმართველობის ფუნდამენტური გზაა. გლობალური მმართველობა ყველა ქვეყნის უშუალო ინტერესებზე ახდენს გავლენას და უნდა ეფუძნებოდეს კოორდინაციასა და თანამშრომლობას და არა ცალმხრივ ჩაგვრას. ხალხზე ორიენტირებული მიდგომა გლობალური მმართველობის ძირითადი ფასეულობაა. იგი გულისხმობს ყველა ქვეყნის ხალხის უკეთესი ცხოვრებისკენ სწრაფვის რეალობად ქცევას და ისეთი სამყაროს ერთობლივად შექმნას, სადაც ყველას შეეძლება კეთილდღეობით ტკბობა. მოქმედებაზე ორიენტირება გლობალური მმართველობის მთავარი პრინციპია. ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ აწმყოსა და გრძელვადიან პერსპექტივაზე და კონკრეტული ზომები მივიღოთ იმ რეალური პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებს აწუხებთ, როგორიცაა საქართველო. ზემოაღნიშნული ხუთი კონცეფცია განმარტავს იმ პრინციპებს, მეთოდებსა და გზებს, რომლებსაც უნდა მივყვეთ გლობალური მმართველობის რეფორმირებისა და სრულყოფისთვის.
გლობალური მმართველობის ინიციატივის არსი თავსებადია გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებთან, განსაკუთრებით კი სუვერენული თანასწორობის პრინციპთან. გაეროს წესდების პრეამბულა ნათლად გამოხატავს ყველა ერის, დიდისა და პატარის, თანასწორი უფლებების შესახებ რწმენას და პირველ თავში ხაზს უსვამს ყველა წევრი სახელმწიფოს სუვერენული თანასწორობის პრინციპს. ჩინეთი ყოველთვის იცავდა იმ აზრს, რომ ყველა ქვეყანა, ზომის, ძალისა და სიმდიდრის მიუხედავად, საერთაშორისო საზოგადოების თანასწორი წევრია და მათ თანაბრად უნდა მოეპყრონ, ხოლო პრობლემები კონსულტაციების გზით უნდა გადაწყდეს. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის დარღვევას და მათ შიდა საქმეებში ჩარევას. როგორც ყველაზე უნივერსალური, წარმომადგენლობითი და ავტორიტეტული სამთავრობათშორისო საერთაშორისო ორგანიზაცია, გაერო საუკეთესო პლატფორმაა ყველა ქვეყნისთვის, რათა მათ თანასწორი დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით გადაჭრან პრობლემები.
გლობალური მმართველობის ინიციატივა შეესაბამება ყველა ქვეყნის ხალხის უნივერსალურ მისწრაფებებს და დღევანდელი მსოფლიოს გადაუდებელ საჭიროებებს. წარდგენის შემდეგ, ინიციატივას მხარი დაუჭირა მრავალი ქვეყნის ლიდერმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ. მომავალში, ჩინეთი დაეყრდნობა გაეროს, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და რეგიონულ მულტილატერალურ მექანიზმებს და ყველა მხარესთან ერთად იმუშავებს აქტიური ქმედებების განსახორციელებლად, რათა საკუთარი სიბრძნითა და ძალით წვლილი შეიტანოს გლობალური მმართველობის გარდაქმნასა და გაუმჯობესებაში. ჩინეთი პრიორიტეტს მიანიჭებს თანამშრომლობის ისეთ სფეროებს, სადაც მმართველობის გადაუდებელი საჭიროება და დიდი დეფიციტია, როგორიცაა საერთაშორისო ფინანსები, ხელოვნური ინტელექტი, კიბერსივრცე, კლიმატის ცვლილება და ვაჭრობა, რათა უფრო ფართო საერთაშორისო კონსენსუსისა და რეალური შედეგების მიღწევა შევძლოთ.
2023 წელს, საქართველოს მთავრობამ, ჩინეთ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივ განცხადებაში, ცალსახად გამოხატა მხარდაჭერა პრეზიდენტ სი ძინფინგის გლობალური განვითარების, უსაფრთხოებისა და ცივილიზაციის ინიციატივების მიმართ. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩინეთი და საქართველო განუწყვეტლივ ამდიდრებენ ამ სამი ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობას. ორ ქვეყანას შორის მიმოცვლა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, ფინანსები, დანაშაულის პრევენცია, განათლება და კულტურა, კიდევ უფრო აქტიურია, რაც ძლიერ იმპულსს სძენს კეთილდღეობისა და განვითარებისკენ ერთობლივ სწრაფვას. გლობალური მმართველობის ინიციატივა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც ჩინეთმა წამოაყენა გლობალური განვითარების, უსაფრთხოებისა და ცივილიზაციის ინიციატივების შემდეგ. ეს კიდევ უფრო მეტ დადებით ენერგიას შესძენს ამ ქაოტურ სამყაროს და უფრო ძლიერ იმპულსს მისცემს კაცობრიობის პროგრესსა და განვითარებას.
ჩინეთმა და საქართველომ, ორივემ დიდი მსხვერპლი გაიღო მეორე მსოფლიო ომის დროს და ორივეს კარგად ესმის, რამდენად რთულია მშვიდობის მოპოვება და განვითარება. ორივე ქვეყანა დიდი ხანია მტკიცედ უჭერს მხარს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ავტორიტეტსა და წამყვან როლს. დღევანდელ მსოფლიოში, კაცობრიობა უკვე იქცა საერთო მომავლის მქონე საზოგადოებად, რომელშიც ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებულნი. ჩინეთი მოუთმენლად ელის მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან, თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად მოვძებნოთ გლობალური მმართველობის გარდაქმნისა და გაუმჯობესების გზები და ერთად შევქმნათ მშვიდობის, უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და პროგრესის ნათელი მომავალი.
(R)
