გლობალური ინტერნეტმაღაზიები, საიდანაც დამოუკიდებლად შეგიძლიათ ნივთების გამოწერა

ონლაინშოპინგი თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტრენდია. დროის დაზოგვისა და პროდუქტის მარტივად მოძიების გარდა, რაც დიდი უპირატესობაა, ის იმითაც არის მოსახერხებელი, რომ ნებისმიერი ნივთის შეძენა სახლიდან გაუსვლელად შეიძლება და მეტიც – ნივთების შეძენა არა მხოლოდ ლოკალური ონლაინმაღაზიებიდან, არამედ გლობალური კომპანიების E-commerce პლატფორმებიდანაც შესაძლებელია.
ინტერნეტსივრცეში უამრავ მსგავს პლატფორმას იპოვით, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა მათგანი სანდო არ არის ან, უბრალოდ, შესაძლოა ზოგიერთს არ ჰქონდეს ტრანსპორტირება საქართველოში.
ამ სტატიაში თავი მოვუყარეთ რამდენიმე ონლაინმაღაზიას, რომლებიდანაც პროდუქციის გამოწერა დამოუკიდებლად შეგიძლიათ და ისინი თქვენს სახლამდე აუცილებლად მოაღწევს.
Amazon
ამ ინდუსტრიის გიგანტის წოდებას ჯერჯერობით ამაზონი არავის უთმობს. ეს უდიდესი ონლაინპლატფორმა 1994 წელს ჯეფ ბეზოსმა დააფუძნა და დღეს ის უბრალოდ ვებსაიტი კი არაა, საიდანაც რაღაცების ყიდვა შეგიძლიათ, არამედ ტექნოლოგიური გადაწყვეტების უამრავ არჩევანს სთავაზობს როგორც ფიზიკურ პირებს, ისე დიდ კომპანიებს.
მისი პროდუქციის ასორტიმენტი, ფაქტობრივად, უსაზღვროა. ტექნიკით დაწყებული, წიგნებით, სამზარეულოს ატრიბუტებით, სათამაშოებითა და სილამაზის პროდუქტებით დამთავრებული – აქ ყველაფრის პოვნა შეიძლება.
იმისათვის, რომ ამაზონიდან სასურველი პროდუქტი გამოწეროთ, აუცილებელია საქართველოში მოძებნოთ შუამავალი კომპანია, რომელიც მოგანიჭებთ საფოსტო კოდს და დაგეხმარებათ ტრანსპორტირებაში. -იდან აქ ჩამოსული პროდუქტი სწორედ ამ შუამავალი კომპანიის მეშვეობით გაიცემა.
სხვა დანარჩენი პროცედურა კი უფრო მარტივია – საჭიროა გქონდეთ ამაზონის სტანდარტული ანგარიში და შემდეგ უბრალოდ მიჰყვეთ პროდუქტის შეძენის საფეხურებს.
Shein
კიდევ ერთი დიდი და ცნობილი პლატფორმა გახლავთ Shein. ამაზონის მსგავსად, ისიც მრავალ კატეგორიას აერთიანებს, თუმცა საქართველოში მას უფრო მეტად ტანსაცმლის გამოსაწერად იყენებენ. საქორწილო და საღამოს კაბებით დაწყებული, ყოველდღიური სამოსით დამთავრებული, შეინზე სამოსის უდიდესი არჩევანია.
თუმცა აქ ნახავთ როგორც ელექტრონულ მოწყობილობებს, საოფისე და საკანცელარიო ნივთებს, ტექსტილს, საყოფაცხოვრებო ნივთებსა და შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილ აქსესუარებსაც კი.
საქართველოში პროდუქტის გამოწერის პროცესი აქაც ისეთივეა, როგორც ამაზონზე. გადამზიდი კომპანია და, რა თქმა უნდა, საიტზე რეგისტრაცია გჭირდებათ.
ყველა პროდუქტს ახლავს თავისი ფოტოები და მომხმარებელთა კომენტარები, რომლითაც შეგიძლიათ, კარგად გაარკვიოთ ნივთის ხარისხი და ისე გამოწეროთ.
ebay
ebay შუამავალი პლატფორმაა, რომელზეც სხვადასხვა გამყიდველს შეუძლია დარეგისტრირდეს და საკუთარი პროდუქცია გაყიდოს. ამას თავის პლუსებთან ერთად, მინუსებიც აქვს იმ მხრივ, რომ პროდუქტის ხარისხზე კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, აქტიურ მხარდაჭერას უწევს მომხმარებელს და თანხის დაბრუნებაშიც ეხმარება.
შეინის მსგავსად, აქაც შეგიძლიათ მომხმარებელთა კომენტარებს გაეცნოთ და ისე გადაწყვიტოთ, იყიდოთ თუ არა პროდუქტი. აქვე დაგხვდებათ მომხმარებელთა შეფასებები.
რაც შეეხება კატეგორიებს, პროდუქციის არჩევანი აქაც დიდი და ნაირფერია. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ სათამაშოები, ბაღისა და სახლის მოვლისთვის საჭირო ნივთები, მანქანის ნაწილები და მუსიკალური ინსტრუმენტებიც კი.
Tao Bao
თუკი ფეისბუკ და ინსტაგრამ გვერდებს გადახედავთ, ნახავთ, რომ ჩინეთიდან ნივთების გამოწერას უამრავი გვერდი გთავაზობთ, თუმცა, ცხადია, როცა ასეთ შუამავალ გამომწერს იყენებენ, მომხმარებლები საფასურსაც ბევრად მეტს იხდიან და, სამწუხაროდ, თაღლითობის შემთხვევებიც არაერთხელ დაფიქსირებულა. შესაძლოა, შეარჩიოთ ნივთი, რომელიც გამომწერს არც კი შეუკვეთავს, ამიტომ უმჯობესია, ტაო ბაოზე რეგისტრაცია თავად შეძლოთ და გამოსაწერი ნივთებიც თავად შეარჩიოთ.
ნივთების გამოსაწერად აქაც შუამავალი გადამზიდი კომპანია დაგჭირდებათ. მართალია, ვებსაიტი ჩინურ ენაზეა, მაგრამ სათარგმნი ხელსაწყოების მეშვეობით შეგიძლიათ გაერკვიოთ მის ფუნქციონალში. ამ პლატფორმის უპირატესობა ისაა, რომ ნივთები საკმაოდ დაბალ ფასებში შეგიძლიათ იყიდოთ და პროდუქციის არჩევანი აქაც დიდია. გაითვალისწინეთ ის, რომ ჩამოსვლისას ამანათს წონის მიხედვით შეიძლება დაემატოს საფასური. ტაობაოზე შეგიძლიათ შეფასებების დათვალიერება და ამაზე დაყრდნობით, სანდო გამყიდველის მოძიება. შეგიძლიათ გამყიდველს ჩატშიც მისწეროთ და რეალური ფოტოები გამოაგზავნინოთ. ნივთის ჩამოსვლის საშუალო პერიოდი 2-დან 3 კვირამდე მერყეობს.
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ვებსაიტი მრავალჯერაა გამოყენებული მილიონობით მომხმარებლის მიერ. შესაბამისად, მათი სანდოობის შესახებ ეჭვი უსაფუძვლოა. მთავარია, ყურადღებით გაეცნოთ წესებსა და პირობებს, შემდეგ კი სასურველი ნივთები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან პირდაპირ თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე მიიღოთ.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი