გლობალური და რეგიონული გამოწვევები და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის საკითხები – ნათია თურნავა სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა

გლობალური და რეგიონული გამოწვევები და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის საკითხები – ნათია თურნავა სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა
ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის 2025 წლის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა. შეხვედრას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ესწრებოდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის არსებულ მიღწევებს. ქართულმა მხარემ სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს ქვეყანაში მდგრადი ფისკალური პოზიციისა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებისკენ გადადგმული ნაბიჯები გააცნო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს. მხარეებმა ასევე იმსჯელეს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილემ, ბო ლიმ აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდი მომავალში კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და ტექნიკურ დახმარებას. სსფ-ის სახელით მან ასევე მზადყოფნა გამოთქვა, დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს სხვადასხვა რეფორმების კუთხით.