გლდანის ციხის დირექტორი და პენიტენციურის მაღალჩინოსანი გაათავისუფლეს

ბაჩიაშვილის ცემის საქმზე იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გია ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს.
გამოძიების ვერსიით, „შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ“.
„იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციაში მიმდინარეობს გამოძიება, 11 ივლისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულების საკანში კ. მეტრეველსა და გ. ბაჩიაშვილს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126 მუხლის 1-ნაწილით. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა პენიტენციური სამსახურის გარკვეული თანამშრომლების მხრიდან დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიმართვის საფუძველზე, 19 აგვისტოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში დაიწყო დისციპლინური წარმოება“, — ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოიკითხნენ სხვადასხვა პირები, მათ შორის N8 დაწესებულების ხელმძღვანელი, დაწესებულებისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, გიორგი ბაჩიაშვილი, მსჯავრდებული კ. მეტრეველი, ასევე სხვა მსჯავრდებულები.
„შემოწმების შედეგად ამ ეტაპზე გამოკვეთილი გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ. ასევე, გარკვეულ ეჭვებს ბადებს კ. მეტრეველის ბ. ბაჩიაშვილთან ერთ საკანში მოთავსების მოტივაციაც. დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოვლენილი გარემოებების შესწავლისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიმდინარე გამოძიებისა და შიდასამსახურებრივი შემოწმების პირობებში, ხელმძღვანელი პირები კვლავაც ინარჩუნებდნენ თანამდებობებს, რასაც შესაძლოა ხელი შეეშალა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში, N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დ. გოგობერიშვილმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გ. ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს“, — ნათქვამია განცხადებაში.
გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, 11 ივლისს გლდანის ციხის საკანში მისთვის უცნობმა პირმა სცემა.
წერილში, რომელიც ბაჩიაშვილის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა ნეტგაზეთს მიაწოდა, ის წერს, რომ მის ცემას წინ უძღოდა გლდანის ციხის ხელმძღვანელის, დავით გოგობერიშვილის გაფრთხილება.
ბაჩიაშვილის თქმით, ცემამდე 3 დღით ადრე გლდანის ციხის უფროსმა დაიბარა და სთვის მისი საბანკო ანგარიშების, კრიპტო ვალუტების ბრუნვების და ანგარიშის მისამართების გახსნა ურჩია.